რა ეტაპზეა მერიის მიერ თვეების წინ დაანონსებული პროექტები

16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.

საბურთალოს მთავარ არტერიაზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია და სავალი ნაწილის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება. შესაბამისად, 16 ივნისიდან საბურთალოზე რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება 

თბილისის მერმა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციას უწოდა "ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი ბოლო 50-60 წლის განმავლობაში". დავით ნარმანიას თქმით, ამ ქუჩაზე ასეთი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. დაგეგმილია ინტენსიური 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი ზაფხულის განმავლობაში, რათა სექტემბრის დასაწყისში რეაბილიტაცია დასრულდეს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ბედი ეწია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელსაც მერიის სხვადასხვა მაღალჩინოსანი თვეების განმავლობაში აანონსებს. მაგალითად, რა ეტაპზეა ქალაქში მაღალსართულიანი პარკირების სისტემის მოწყობის, მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის, საცობების განტვირთვის და სხვა პროექტები.

თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე AMBEBI.GE თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დედაქალაქში არსებული გზების რეაბილიტაციაა, რომელიც ცენტრალურ არტერიებად ითვლება. ასეთი ტიპის გზების რეაბილიტაცია და კაპიტალური შეკეთება ხორციელდება ზაფხულში, რადგანაც ეს პერიოდი ყველაზე მოსახერხებელია, ნაკადების მოცულობა მთლიანობაში შემცირებულია, პეკინის ქუჩა ამის კარგი მაგალითია. პეკინის გარდა, სარეაბილიტაციოდ გამზადებული მსხვილი ქუჩებია - წურწუმია, ბოჭორმის ქუჩა. ფეიქრების ქუჩა მალე დასრულდება - ჯამში 22 მსხვილი და ასამდე პატარა ქუჩების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელთა რეაბილიტაციაც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

- რა ეტაპზეა მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია?

- ეს პროექტი შარშან დავიწყეთ და დაახლოებით 20 ვაგონის მოდერნიზაცია და კაპიტალური შეკეთება განვახორციელეთ. მიმდინარე წელს ერთი ეტაპი დასრულდა, ეს გულისხმობდა მეტროს ერთი შემადგენლობის, ანუ ოთხი ვაგონის შეკეთებას. ახლა ისევ მიმდინარეობს ტენდერი კაპიტალურ შეკეთებებზე და სულ მალე გამოვაცხადებთ ტენდერს მეტროს ერთი შემადგენლობის მოდერნიზაციაზე.

ცნობისთვის, მოდერნიზაცია გულისხმობს მთლიანობაში განახლებას და მეტროს სისტემაში ახალი ვაგონების დამატებას, ხოლო კაპიტალური გულისხმობს არსებული ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას. მოგეხსნებათ, რომ დაგეგმილია "უნივერსიტეტის" მეტროსადგურის გახსნა ამიტომ ვაგონების დამატება და მოდერნიზება ამ მიზნით არის დაგეგმილი. მეტრო "უნივერსიტეტი" ზაფხულში დაიწყებს სატესტო რეჟიმში მუშაობას და სექტემბერში სრულფასოვნად იმოძრავებს (აღსანიშნავია, რომ მეტრო "უნივერსიტეტი" მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა გადაიდო და მისით სარგებლობას მოქალაქეები აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბერში შეძლებენ, ავტ.)

- მრავალსართულიანი პარკირების თემა ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია. დავით ნარმანიამ ჯერ კიდევ 2015 წელს დააანონსა, რომ თბილისში მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობა იგეგმება, თუმცა სამუშაოები რეალურად ჯერ არ დაწყებულა...

- მრავალსართულიან პარკინგებთან დაკავშირებით, ჩვენ კვლევა ჩაბარებული გვაქვს, სადაც განსაზღვრულია ათი ლოკაციის ტექნიკური და ფინანსური მაჩვენებლები. ახლა მიმდინარეობს იურიდიულ და სატენდერო დოკუმენტებზე მუშაობა, რომლის მერეც შევძლებთ პროექტი საკონკურსოდ გავამზადოთ იმ დაინტერესებული ინვესტორებისთვის, ვისაც სურს ამ კუთხით ინვესტირება.

- ერთი წლის წინ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ქალაქის ცენტრიდან შეიძლება რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური გადაიტანოთ, მერია მუშაობს ამ საკითხზე?

- ეს ეხება ძირითადად ლაგუნა ვერეს ტერიტორიას და საკითხი პროცესშია, რადგან ამ ტერიტორიაზე გზის გაფართოება დღის წესრიგში დგას. აუცილებელია გზის გაფართოება, თუმცა საკითხი ეხება კერძო საკუთრებას, ამიტომ ეს სამუშაოები მალე ვერ დაიწყება. გვინდა ეს პროექტი მიმდინარე, 2017 წელს დავასრულოთ.

- საცობების განსატვირთად თბილისის მერია დამატებით ხომ არ აპირებს ესტაკადის ან ხიდების მშენებლობას?

- არა ამ ეტაპზე არ იგეგმება. იხილეთ გაგრძელება