ზურაბ ალავიძე - მდგომარეობა იდეალურად არ გვაქვს, მაგრამ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები, რომ ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მივიღოთ

მდგომარეობა იდეალურად არ გვაქვს, მაგრამ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები იმისთვის, რომ გაზრდილი რაოდენობის ტურისტები მივიღოთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ბათუმში ინფრასტრუქტურის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყოველწლიურად ბათუმში და ზოგადად, აჭარაში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესებისკენ მიდის. მისივე თქმით, არა მარტო ბათუმში, არამედ მთლიანად აჭარაში - ქობულეთში, მაღალმთაშიც უამრავი პროექტი ხორციელდება.

„წელს დავიწყებთ ხულოდან ზარზმაში, ფაქტობრივად, ახალი გზის მშენებლობას. დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში დავიწყებთ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას. ქობულეთში ვახორციელებთ ნაპირსამაგრი კედლების ჩასხმის სამუშაოებს. ფაქტობრივად, დასრულებულია ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც დარჩენილია მხოლოდ ხიდი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებით კეთდება და დაახლოებით, 8 თვეში დამთავრდება. რაც შეეხება ბათუმს, იქ ადგილობრივი ხელისუფლებაც ბევრ პროექტს აკეთებს. საუბარია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან ესტაკადის გაკეთებაზე, რაც იქ მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ვფიქრობ, რომ მდგომარეობა იდეალურად არ გვაქვს, მაგრამ საკმაოდ კარგად ვართ მომზადებულები იმისთვის, რომ გაზრდილი რაოდენობის ტურისტები მივიღოთ. სრული დატვირთვით ვმუშაობთ იმ მიმართულებითაც, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა და ავაშენოთ ახალი“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.