ევროკომისიამ "გუგლი" შესაძლოა 1,1 მილიარდი ევროთი დააჯარიმოს

ინტერნეტ საძიებო გიგანტი „გუგლი“ ევროკომისიამ შესაძლოა 1,1 მილიარდი ევროთი დააჯარიმოს.

The Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკომისია ჯარიმის თანხას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს. ჯარიმა „გუგლს“ ანტიმონოპოლიური კანანონის დარღვევისთვის ემუქრება.

ამ საქმეზე ევროკომისიაში გამოძიება ჯერ კიდევ 2010 წლიდან მიმდინარეობს. ევროკავშირი ამერიკულ გიგანტს ევროპის ტერიტორიაზე დომინანტი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ევროკომისიამ „გუგლი“ ასევე დაადანაშაულა კონკურენტების ონლაინ რეკლამის დაბლოკვაში.

თუ Google ბრალდებულად აღიარეს, ყოველ  მსგავს საქმეზე წლიური შემოსავლის 10%-იანი ჯარიმა ელის. 2016 წლის მონაცემებით, კომპანია Google-ის მფლობელი ჰოლდინგ Alphabet Inc.-ის წლიური შემოსავალი 20,4%-ით გაიზარდა და 90,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკომისია მსგავს სადამსჯელო ზომას მიმართავს. დღეისთვის ევროკომისიის მიერ ჯარიმის სახით გამოყენებული ყველაზე დიდი ოდენობა იყო 1 მილიარდი ევრო, როდესაც 2009 წელს ორგანიზაციამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის გამო ასევე ამერიკული კომპანია Intel დააჯარიმა.