როგორ ყალბდება ფული

"დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება"

რა რაოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღო ეროვნულმა ბანკმა მიმ­ოქცევიდან და როგორ ყალბდება კუპიურები, "კვირის პალიტრას" ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, მამუკა ხუციშვილი ესაუბრა:

- ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტო ერთ კვარტალში, მიმოქცევიდან 57.000 ლარის ოდენობის ყალბი ბანკნოტი ამოიღეს. გაყალბებული იყო 10, 20, 50, 100 და 200-ლარიანი კუპიურები. დღეს ყალბ ფულს გასცემს ბანკიც, ბანკომატიც, სავალუტო ჯიხურიც და არავინ არის დაცული, რომ ჩვენს ხელში ყალბი ფული არ აღმოჩნდება. უცხოეთში ხალხი ფულის ამო­მცნობ ნიშნებს უკეთ იცნობს, კუპი­ურებს გულდასმით ათვალიერებენ, ჩვენთან კი ასე არ ხდება და მავნებლური შედეგიც სახეზეა. ჩემი გამოთვლით, დღეს ქვეყანაში 50 მლნ ღირებულების ყალბი ფული მაინც ტრიალებს.

- ეს როგორ გამოთვალეთ?

- მარტივად, პირადად მე, ერთი წლის განმავლობაში ყალბი კუპიურებით და მონეტებით 25 ლარი"აღმომაჩნდა, ხურდაში­ მო­მცეს. მივხვდი, ყალბი იყო, მაგ­რამ უკან არ დავაბრ­უნე - მოწაფეებისთვის საჩვენებლად ვიყენებ­. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მინიმუმ 3 მილიონ მოქალ­აქეს გაყალბებული კუპიურები და მონეტები წლის განმავლობაში ჩემსავით დაუგროვდა, თითოს - 20 ლარის ოდენობით მაინც. 20 რომ 3 მილიონზე გავამრავლოთ, 60 მლნ-ია. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ბრუნვაში, სულ მცირე, 50 მლნ ყალბი ფული ტრიალებს. გაყალბებულია დოლარიც, ევროც და სხვა კუპიურებიც.

ცოტა ხნის წინ ლაგოდეხში დიდი რაოდენ­ობით ყალბი აზერბაიჯანული მანათი აღმოაჩინეს, ბათუმში - დოლარი, თბილისში - ევრო. ბათუმში თურქეთის მოქალაქემ ყალბი 100.000 დოლარის გასაღება სცადა. საბანკო გადარიცხვა კიდეც განახორციელა­, თუმცა ერთ-ერთი ოპერატორი, რომელმაც მას ყავა მიართვა, დააეჭვა კუპიურის ნამდვილობამ. დარეკა თბილისში, სადაც დაუზუსტეს, რომ დოლარს ერთი დამცავი ნიშანი აკლდა. თურქი დააკავეს. თბილისში დააკავეს ორი ჩინელი - ყალბ ფულს ასაღებდნენ.

- რატომ ვერ ტარდება პრევენციული ღონისძიებები?

- მსოფლიოში ჯერ არავის­ მოუფიქრებია მანქანა, რომელ­იც სრულყოფილად ამოიცნობს, ფული ყალბია თუ არა. ულტრაი­ისფერ დეტექტორს მხოლოდ 2% აქვს ცნობადობა.

ადრე არსებობდა მოლარე-ოპერატორების გადამზადების სისტემა, რომელთაც ფულის დამცავ ნიშნებსა და მათ ამოცნობას ასწავლიდნენ. ეს სისტემა თავის დროზე კახა ბენდუქიძემ გააუქმა - სახელმწიფო კერძო­ სექტორს (ბანკებს) არ უნდა ემს­ახურებოდეს და ამაში ფულს არ უნდა ხარჯავდესო. ჩემმა მოსწავლემ ექსპე­რიმენტი­ ჩაატარა - შევი­და ორ სახელგანთქმულ ბა­ნკში, მოლარე-ოპერატორს წარუდგინა ეროვნული ვალ­უტის ერთ-ერთი დამცავი ნიშანი­ და ჰკითხა, რა ნი­შან­იაო. ასეთ ნიშანს არ ვიცნობთ და ფულს ის საერთოდ არ აქვსო(?!).

ჩვენთან ჯერჯერობით ყალბ ფულს ფოტოკოპირების მეთოდ­ით ამზადებენ. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ სტამბურად დაამზადოს და შემოიტანოს. 300-400 მლნ ყალბი ფული რომ დატრიალდეს, ეს ეკონომიკის სრული კოლაფსის ტოლფასი იქნება. მოხდება საქონლის გადინება და ხელში ფარატინა ქაღ­ალდი შეგვრჩება. ამას მოჰყვება ინფლაციისა და უმუშევრობის დონის გაზრდა, ბიზნესობიექტების დახურვა, მოსახლეობის ქვეყნიდან მასობრივი გადინება.

მსოფლიოში 20 მიწისქვეშა­ სტამბა არსებობდა, რომელიც ყალბ ფულს მაღალ პოლიგრაფი­ულ­ დონეზე ბეჭდავდა. ვინ უწყო­ბდა ამ საერთაშორისო დანაშა­ულს ხელს, ეს ცალკე საკითხია. ამერიკამ დიდი ძალისხმევით მოახერხა მისი 8-მდე შემცირება, თუმცა ესეც დიდი უბედურებაა...

ერთ ამბავს გავიხსენებ: ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდ­ენტი ნოდარ ჯავახიშვილი შევარ­დნაძესთან ერთად იყო ავსტრიაში. ერთ დღეს მაღაზიაში ჰალსტუხის საყიდლად შევიდა, ასდოლარიანი ამოიღო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა და ატყდა ერთი ამბავი... დააკავეს ბატონი ნოდარი,­ გაჩხრიკეს მისი სასტუმროს ნომერი. იქიდან დაბრუნებულმა დამავალა, რომ უცხოეთის ბანკებში სასწავლებლად წავსულიყავი და დაბრუნებისთანავე ბანკების მოლარე-ოპერატორების გადამზადება დამეწყო (14 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკში ვმუშაობდი). 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 19 ივნისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად