მიწა ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ გამონაკლისის სახით უცხოელებზე მაინც გაიყიდება

უკვე გადაწყვეტილია, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება: მიწა არის სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის საკუთრება.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, გამოცხადებულია მორატორიუმიც და დღეიდან ახალი კონსტიტუციის მიღებამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას ვერ იყიდის.

ეს დროებითია, რადგან გადაწყვეტილია, რომ შემოდგომაზე ორგანულ კანონში "გამონაკლისის" დაშვებით მიწა უცხოელებზე მაინც გაიყიდოს.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ "ოცნება" კონსტიტუციური ჩანაწერით იმ ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის გულსაც იგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქართული მიწა უცხოელს არ უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ამავდროულად თავადაც იტოვებს საშუალებას, თუ მოუნდება, "გამონაკლისი წესით" უცხოელს მიწა მიჰყიდოს.

რა გამონაკლისებზეა საუბარი, ეს გამოჩნდება შემოდგომაზე, კანონპროექტის წარდგენისას და მაშინ განახლდება დაპირისპირებაც, თუმცა "გამონაკლისის" ხსენებამ უკვე გარკვეული ეჭვები გააჩინა.

მიწის უცხოელ მოქალაქეებზე გაყიდვის აკრძალვის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მივიღებთ შემდეგ სურათს: უცხოელ მოქალაქეს მიწის ყიდვა მაინც შეეძლება, მაგალითად, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების და "გამონაკლისის" დაშვების მეშვეობით, რაც კორუფციის საფრთხესაც აჩენს.

დაიჩაგრება მიწის მფლობელი რიგითი მოქალაქე, თუნდაც იმით, რომ ვერ გაყიდის მიწას ძვირად, რადგან ბაზარი შეზღუდული იქნება და კრედიტი თუ დასჭირდა (თუნდაც ფერმერობის გასავითარებლად), ბანკში საკუთარი ნაკვეთის ჩადებაც გაუჭირდება, რადგან ამ შეზღუდული ბაზრის გამო ბანკისთვის სარისკო ხდება სესხის უზრუნველყოფისთვის მიწის მიღება და რისკის დასაზღვევად ძალიან მაღალ პროცენტს დააწესებს.

ლიბერალური ეკონომიკის მომხრე პოლიტიკური ძალები, რომლებიც კონსტიტუციით უცხოელი მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას სულელურ, პოპულისტურ და ეკონომიკისათვის საზიანო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, აცხადებენ, რომ მოსახლეობის გულის მოსაგებად გადადგა "ოცნებამ" ეს პოპულისტური ნაბიჯი, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, მიწა ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს აკრძალვა თავად ამ გაუცნობიერებელ ხალხს აზარალებს.

კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებით კმაყოფილები არიან "ქართული ოცნება", "პატრიოტთა ალიანსი", კონსერვატიული პოლიტიკური ძალების უმეტესობა და მოსახლეობის დიდი ნაწილი.

თუმცა კონსერვატორ პოლიტიკოსებს შორის სწორედ "გამონაკლისის წესის" გაჩენის გამო უკმაყოფილოა "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი, რომელიც აცხადებს: პირველი - არა მარტო სასოფლო-სამეურნეო, არამედ ყველანაირი სტატუსის მიწის გასხვისება უნდა აიკრძალოს, მეორე - სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე მიწაზე ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება მიუღებელია, მესამე - გამონაკლისის წესი უნდა დადგინდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება სასტუმროს ან საელჩოს ტერიტორიას, საცხოვრებელი სახლისთვის საჭირო მიწაც კი არ უნდა გაიყიდოს უცხოელზე, რადგან მიაჩნია, რომ ასე არაბული და ინდური დასახლებების "საფრთხე" არსებობს.

ცნობისათვის, პარასკევს პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, რადგან "ოცნების" გეგმაა, რომ შემოდგომაზე ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღონ.

საგულისხმოა ისიც, რომ "ოცნებამ" მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი 2013 წელსაც გამოაცხადა, რომელიც 2014 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა, ამის მიუხედავად, არაკონსტიტუციურად მიჩნეული ღონისძიება "ოცნებამ" ხელახლა ისევ გამოიყენა. ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მორატორიუმს არაკონსტიტუციურად აფასებს.

"ქართული ოცნების" წევრ ზაზა გაბუნიას არ მიაჩნია, რომ ეს არაკონსტიტუციურია. "ჩვენ ვართ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არა საკონსტიტუციო სასამართლო და ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას", - აღნიშნავს გაბუნია, რომლის თქმითაც, მორატორიუმი საჭირო იყო, რადგან როგორც კი საინფორმცაიო სივრცეში დისკუსია გაჩნდა მიწის თემაზე, უცხოელებმა ფორსირებულად და სწრაფად დაიწყეს მიწის ყიდვა და ამ დინამიკაზე ინფორმაცია მათ ეკონომიკის სამინისტროდან აქვთ.

"ამით ჩვენ ვაზღვევთ დროს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებამდე. შემდეგ უკვე კონსტიტუცია დაარეგულირებს", - აღნიშნავს გაბუნია.

მისი თქმით, სულ რამდენი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწაა კერძო საკუთრება და მათგან კონკრეტულად რამდენ პოცენტს ფლობს უცხო ქვეყნის მოქალაქე, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ეს რიცხვი დიდია.

"ნაციონალური მოძრაობის" დროს მარტო ერთ შემთხვევაში 51 მილიონი კვ/მ ნაყოფიერი მიწაა გაყიდული და 1 კვ/მ სულ რაღაც 10 თეთრად. ასეთი ბევრია. მე ამაზე ინფორმაციის მოწოდება შემიძლია. საერთო ჯამში, რამდენია გაყიდული, ამას დაზუსტება სჭირდება. რაც მოგიყვანეთ, ეს ძალიან კარგი მაგალითია. ის დინამიკაც, რაც ვახსენე, მოწმობს იმაზე, რომ ახალი რეგულაციები საჭირო იყო", - ამბობს გაბუნია.

გაბუნიას განცხადებით, "შეძლებული ქვეყნის კორპორაციის წარმომადგენლისათვის ქართული მიწა იაფია და ის დაინტერესებულია, მიწა იყიდოს", ამიტომაც კონსტიტუციით ამ "მილევადი" და "მნიშვნელოვანი რესურსის" უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვა მისაღებია და ასეთი რამ ევროპული ქვეყნების ბევრ კონსტიტუციაშიცაა.

ამბობს, რომ "თვით ლიბერალური ეკონომიკის ქვეყნებშიც" მიღებული ნორმაა, როდესაც საკუთრების უფლება იზღუდება გარკვეულ შემთხვევაში. მაგალითად, ბრიტანეთში მიწას უცხოელი ვერ იყიდის.

მისი თქმით, კონსტიტუციაში ჩანაწერის ფორმულირება ჯერ ისევ შესათანხმებელია, მაგრამ ზოგადი ფორმულირება იქნება, რომ მიწა არის სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის საკუთრება.

"კონსტიტუციაში არსებობს მხოლოდ პრინციპული, დეკლარაციული ხასიათის ნორმები. საკითხის დეტალიზება ორგანული კანონის თემაა, სადაც აღვნიშნავთ გარკვეულ გამონაკლისებსაც.

"დღეს არ შემიძლია გითხრათ, რა ტიპის გამონაკლისები იქნება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ მცირემიწიანი, მაგრამ აგრარული საქართველოს ეს პოტენციალი დავაზღვიოთ განიავებისგან და ამავე დროს მიწამ არ დაკარგოს ეკონომიკური მიმზიდველობა, რისთვისაც რაღაც ტიპის ფორმულირებები იქნება კანონში განსაზღვრული.

"მთავარია, რომ უსაფუძვლო შიში, რაც ზოგიერთმა დაინტერესებულმა ჯგუფმა ხელოვნურად გააჩინა, თითქოს ჩვენ გავასხვისებთ მიწას და ამით სპეკულაცია დასრულდება", - ამბობს გაბუნია და დასძენს, რომ ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში იყო მოსახლეობის მოთხოვნა და მათთვის "მთავარია ხალხის აზრი".

ეკატერინე ბასილაია

გაზეთი "რეზონანსი"