ირაკლი კობახიძე - ბონუსი იმოქმედებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში

არის ორი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, თუმცა აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს ორი საკითხი არ არის საკვანძო მნიშვნელობის კონსტიტუციისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება საკვანძო საკითხებს, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ყველა რეკომენდაცია აბსოლუტურად ზედმიწევნით იქნება გათვალიწინებული.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბონუსის საკითხთან დაკავშირებითაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები.

”როგორც მოგეხსნებათ, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ დაგვეწესებინა ძალიან მკაფიო ზღვარი ბონუსისთვის და ეს ზღვარი დაწესდება სამი სახით: ერთი - დადგინდება აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბინუსის ხარჯზე ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს. ასევე დაწესდება აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ 76 მანდატამდე არც ბონუსით ევსება მანდატები გამარჯვებულ პარტიას, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად, პროპროციულად გადანაწილდება მანდატები ყოველგვარი ბონუსის გარეშე. მესამე - წესდება ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიის მიერ ბონუსის ხარჯზე მიღებული მანდატების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს ძირითადი მანდატების 35%-ს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მკაცრი ზღვარია დაწესებული ბონუსისთვის. რეალურად ბონუსი იმოქმედებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ის იქნება რეალურად აუცილებელი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი, სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.