შალვა თადუმაძე - შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების კანონი 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების კანონი 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, კანონი ამოქმედდება ყველა საწარმოზე. ამასთან, მისივე თქმით, კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში დაიტესტოს და გაირკვეს, თუ რა ხარვეზები შეიძლება გამოიკვეთოს.

”მთავრობა განახორციელებს ყველა პირობას, რომ აღნიშნული კანონი 2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა საწარმოზე ამოქმედდეს. ეს კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ საპილოტე რეჟიმში დაიტესტოს და გაირკვეს, თუ რა ხარვეზები შეიძლება გამოიკვეთოს. მნიშვნელოვანი საკითხია რემონიტორინგი. გეგმური შემოწმების შემდეგ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს აქვს უფლება მის მიერ გაცემული რეკომენდაციაზე განახორციელოს რემონიტორინგი და ეს არ იქნება არაგეგმიური შემოწმება.

არაგეგიმური შემოწმების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ზედამხედველობის ორგანოს უფლება ექნება გონივრული ვადის გასვლის შემდეგ განახორციელოს რემონიტორინგი. თუ რომელიმე მუხლში დაზუსტებაა საჭირო, ეს დაზუსტდება”, - განაცხადა თადუმაძემ.