“შრომის უსაფრთხოების შესახებ” საკანონმდებლო პროექტს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მთავრობის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს მოიცავს, ადამიანის უფლებათა დაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.

კანონპროექტის მოქმედება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მთავრობა განსაზღვრავს.

კანონპროექტის მიზანია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა; სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის გაუმჯობესება და უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია.

პროექტის ავტორია ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - მთავრობა.