"რეზონანსი" - გაზი 5 თეთრით გაძვირდება

ბუნებრივი აირის გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ტარიფი დაახლოებით 5 თეთრით მოიმატებს. მართალია, ეს დიდი ცვლილება არაა, მაგრამ ღარიბი მოსახლეობისთვის მაინც რთული გადასატანი იქნება. მათ არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

გაზის გაძვირება ლარის კურსითა და კომპანიების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციებით არის განპირობებული. ახალ ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი უკვე შესწავლილია.

"როგორც კი ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულ შესწავლას დაასრულებს, ეს საკითხი დღის წესრიგში შევა და საჯარო სხდომა დაინიშნება. დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი შესწავლილია. ბოლო ვადა 20 ივლისამდე გვაქვს, თუმცა შესაძლებელია, მანამდეც მოხდეს კომისიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია", - აცხადებენ სემეკ-ში.

კომისიაში სატარიფო განაცხადი შეტანილი აქვს ოთხ კომპანიას: "გაზის ტრანსპორტირების კომპანია", "სოკარ ჯორჯია გაზი", "საქგორგაზი" და "ყაზტრანსგაზი". მიზეზი, რატომაც მოხდა მათი მხრიდან სატარიფო განცხადების წარდგენა, ისაა, რომ სემეკ-მა ბუნებრივი გაზის სექტორის ახალი მეთოდოლოგიით რეგულირება დაიწყო. მეთოდოლოგია ტარიფების ყოველწლიურ გადაანგარიშებას ითვალისწინებს.

"ამ სექტორში ტარიფები უკვე 10 წელია, რაც არ დათვლილა, შესაბამისად, ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რაც დღეს არის ბუნებრივი გაზის სექტორში, კომისია იწყებს ტარიფების გადაანგარიშებას", - აცხადებენ სემეკში.

მართალია, ოფიციალურ უწყებაში გაზის შესაძლო გაძვირებაზე საუბარს ჯერჯერობით არ ჩქარობენ, თუმცა სპეციალისტთა გაანგარიშებით, გადასახადი 5 თეთრით გაიზრდება. ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" დაუდასტურა, ცვლილება გარდაუვალია და ფასი საბოლოოდ იქნება რეალური, რამდენადაც ახალ ტარიფში სათანადოდ აისახება როგორც ლარის კურსი, ასევე კომპანიების მიერ სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული ინვესტიციები, რაც საკმაოდ მასშტაბურია.

"საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ბაზარზე სავალუტო კურსთან დაკავშირებით ცვლილებები მოხდა. ამ პერიოდში გაზის ტარიფი არ გაზრდილა. ცნობილია ისიც, რომ დიდი ინვესტიციები ჩაიდო რეგიონების გაზიფიცირების მიმართულებით. მოგვწონს თუ არა, ეს არის ფაქტი, რომელიც ახალ ტარიფში სათანადოდ აისახება. კარგია, რომ სოფლებს, სადაც თუნდაც 5 ოჯახი ცხოვრობს, გაზი შეუყვანო, მაგრამ ამას სჭირდება მნიშვნელოვანი თანხა და გარკვეული საზღაურის გაღება მომხმარებელს მოუწევს. გარდაბანში საკმაოდ თანამედროვე, მძლავრი თბოელექტროსადგური აშენდა და ესეც აისახება ტარიფზე.

გაძვირება გარდაუვალია და ეს სათანადოდ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ იცოდნენ რეალური მიზეზები, რის გამოც ცვლილება ხდება. რამდენით გაიზრდება ფასი, საბოლოოდ მარეგულირებლის მიდგომაზეა დამოკიდებული. ჩემი ვარაუდით, გაზი 5 თეთრით გაძვირდება და ამით ძველ ნიშნულს დაუბრუნდება", - აცხადებს ჯგერენაია და დასძენს, რომ სასურველი იქნება, თუკი მთავრობა სუბსიდირების საკითხში მიდგომას შეცვლის. და ამ შესაძლებლობას მხოლოდ საზოგადოების მოწყვლად ჯგუფს დაუტოვებს.

"მიმაჩნია, რომ უნდა მოვხსნათ სოციალური გაზის თემა. არ არის საჭირო მდიდრების სუბსიდირება და ამაში ბევრი დამეთანხმება. დაბალშემოსავლიან და მოწყვლად ფენას მივცეთ სუბსიდია და მდიდრებს არ გადავუხადოთ. ამ შემთხვევაში რეალური ფასი დაწესდება და ტარიფის საკითხიც არ იქნება მუდმივად განახლებადი", - დასძენს ემზარ ჯგერენაია.

გაზის ტარიფთან დაკავშირებით ეკონომისტის მოსაზრებას აბსოლუტურად იზიარებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი ვარაუდითაც, გაზი მომხმარებელს 5 თეთრის ფარგლებში გაუძვირდება და ესეც არასაკმარისია იმ ხარჯთან შედარებით, რისი გაღებაც კომპანიებს ლარის დევალვაციის გამო უწევთ.

"გაზის მოწოდებაში ძირითადი კომპონენტი არის ნედლეული. ლარის დევალვაციის გამო კომპანიებს ხარჯი მნიშვნელოვნად გაეზარდათ, რადგან სწორედ ნედლეული გაუძვირდათ. გულახდილი ვიქნები და ვიტყვი - დიდი მიღწევაა, რომ აქამდე არ გაიზარდა ფასი. ეს ენერგეტიკის სამინისტროს დიდი დამსახურებაა, რასაც ვერ დავუკარგავთ.

ბუნებრივია, იყო თხოვნა ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რაც მხოლოდ აქამდე მოხერხდა. პროცესი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა. ლარის გაუფასურება ძირითადი მიზეზია, რის გამოც გაზი გაძვირდება. ვფიქრობ, გადასახადი 5 თეთრის ფარგლებში მოიმატებს, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, იმდენად დიდია ხარჯი, რაც კომპანიებს ლარის გაუფასურების გამო აქვთ", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, გადასახადის ზრდა განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის იქნება რთული, რომელთაც არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

"დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის დღევანდელი გადასახადიც მაღალია. არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა საფეხურებრივი სატარიფო სქემის გამოყენება, რასაც ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ვიყენებთ. გაზი ისეთი სეგმენტია, რომ აქ ეკონომიის გაწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სოციალური მომენტის გათვალისწინება წარმოუდგენლად მეჩვენება. ცხადია, წაგებაზე ვერავინ იმუშავებს და ადრე თუ გვიან ტარიფი გადაიხედებოდა, ახლა ამ რეალობის პირისპირ ვართ", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ტარიფის ზრდის მიზეზად ენერგოკომპანიები ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ასახელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფი არ შეცვლილა.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"