გაზრდილი ხელფასი, რომელიც მინიმალურ ხარჯებსაც ვერ სწვდება

2010 წელს საშუალო ხელფასი საქართველოში 597,6 ლარი იყო, ხოლო 2016 წელს - 1 063 ლარი გახდა

მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ხელფასი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი მაინც არ ჰყოფნის. 2004 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 156,6 ლარი იყო, 2010 წელს - 597,6 ლარი, 2015 წელს - 900,4 ლარი, ხოლო 2016 წელს - 1 063 ლარი გახდა, მაგრამ ეს საშუალო მაჩვენებელია და რეალურ სურათს ოდნავაც ვერ ასახავს. ჩვენ რამდენიმე რესპოდენტი გამოვკითხეთ და იმ დასკვნამდე მივედით, რომ საქართველოს მოსახლეობის მთელი შემოსავალი აუცილებელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე და მომსახურებაზე იხარჯება.

ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდა ბევრს არაფერს ნიშნავს.

"საქართველოში ძალიან ბევრია ოჯახი, სადაც ხელფასს არცერთი წევრი არ იღებს, მაგრამ აქვთ სოციალური დახმარება, პენსია, საკუთრების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი, გზავნილები უცხოეთიდან და ა.შ... ეს საბჭოთა პერიოდის გადმონაშთია, როცა შემოსავლების 75% ხელფასებზე მოდიოდა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 40-55 პროცენტის ფარგლებშია. თითოეული ოჯახის შემოსავალი განსხვავდება ერთმანეთისგან - ზოგი - მდიდარია, ზოგი კი - ღარიბი. მართალია, საშუალო ხელფასი საქართველოში 1 000 ლარს გადასცდა, მაგრამ ქვეყანაში არის ხალხი, ვისაც 200-300 ლარზე მეტი შემოსავალი არა აქვს. ბუნებრივია, ამ ოჯახებს ძალიან უჭირთ. სტატისტიკა ასე გამოიყურება: შემოსავლის 40% საშუალოდ, იხარჯება სურსათზე, 22% - კომუნალურ ხარჯებზე, დანარჩენი კი - ტრანსპორტზე, ჩაცმაზე და სხვა აუცილებელ პროდუქტებზე", - აღნიშნავს ექსპერტი.

სოსო არჩვაძის თქმით, ბოლო წლებში საშუალო ხელფასი რამდენჯერმე გაიზარდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

"უკეთესი იქნებოდა დაგვეთვალა რამდენი კილოგრამი ხორცის, პურის, კარტოფილის, ან სხვა აუცილებელი პროდუქტის შეძენა შეიძლებოდა წლების წინ საშუალო ნომინალური ხელფასით. კი ბატონო, 2004 წელს საშუალო ხელფასი 156,6 ლარი იყო, მაგრამ მას შემდეგ ფასები 2,5-ჯერ გაიზარდა. ახლანდელი ხელფასი 1 063 ლარია, მაგრამ ასეთი ხელფასი ჩვენი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს. ამიტომ, დაბალშემოსავლიან ოჯახებს ძალიან დიდი ეკონომიის გაწევა უწევთ, რომ როგორმე თავი გაიტანონ. ისინი ძალიან ცოტას ხარჯავენ დასვენებასა და კულტურულ ცხოვრებაზე, მათ ხარჯებში თითქმის არ შედის თეატრის, კინოს და სხვა სახის ხარჯები, რადგან ამ ოჯახების შემოსავალი ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელ ხარჯებსაც ვერ წვდება.

ექსპერტის შეფასებას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთო სილაგაძეც იზიარებს:

"საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი სულაც არ არის საკმარისი, რომ ხარჯებს გაუმკლავდეს. მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს აუცილებელი ხარჯებიც დაფაროს და დანაზოგიც გააკეთოს. ამ ოჯახების შემოსავალი მაღალია. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არათუ ხარჯავს თავის შემოსავალს, არამედ არც ჰყოფნის ის აუცილებელი ხარჯებისთვის. ხშირ შემთხვევაში, მთელი ხელფასი სამომხმარებლო ხარჯებზე მიდის. სურსათი ამ ხარჯებში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

როგორ იზრდება საშუალო ნომინალური ხელფასის რაოდენობა? - ის იზრდება ძალიან მაღალი შემოსავლით, რომელიც უმცირესობას აქვს. სინამდვილეში საშუალო ხელფასი ახლოსაც ვერ მივა აბსოლუტური უმრავლესობის შემოსავალთან - უმრავლესობის ხელფასი 300-400 ლარია, თუმცა არის ხალხი, ვისაც ამდენიც არა აქვს. ქვეყანაში 700-800 ათასი პენსიონერი და ათასობით სოციალურად დაუცველია, ამიტომ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 300 ლარიც კი სანატრელია", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე