კობა გვენეტაძე - ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სისტემის მიმართ უცხოელ ინვესტორთა და საფინანსო ინსტიტუტების ნდობა იზრდება

ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სისტემის მიმართ უცხოელ ინვესტორთა და საფინანსო ინტიტუტების ნდობა დღითიდღე იზრდება , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ეროვნულ ბანკში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ჟურნალმა Forbes Georgia-მ, Ernst&Young-თან თანამშრომლობით საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა და კომერციული ბანკების რეიტინგები წარადგინა.

ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის საქმიანობა შეაფასა.

"საქართველოს ეროვნული ბანკი უკვე მეორედ მასპინძლობს ჟურნალ Forbes Banker-ს. ეს ღონისძიება ჩვენთვისაც არის საბანკო წლის ერთგვარი შეჯამება, ამჯერად უკვე გარე თვალით დანახული და შეფასებული. ეს წელი მნიშვნელოვანია საბანკო და მთლიანად საფინანსო სექტორისთვის, დატვირთული წარმატებებით, სიახლეებითა და ახალი პროექტებით. საბანკო სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი და ამადროულად ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, ჯანსაღი, მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული სფერო. სწორედ ამიტომ ყოველი წელი ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს, გავზარდოთ გამჭვირვალობა. ამისათვის კი აუცილებელია გვქონდეს, ერთი მხრივ, ძლიერი, მომგებიანი, პროგრესული საფინანსო სისტემა და მეორე მხრივ, გვყავდეს გარანტირებულად დაცული და ინფორმირებული მომხმარებელი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან და საბანკო სექტორთან ერთად შეიმუშავა საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და რომელთა პოზიტიური შედეგი უახლოეს მომავალში გახდება თვალსაჩინო. დღითიდღე იზრდება უცხოელ ინვესტორთა და საფინანსო ინტიტუტების ნდობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაუმჯობესებელია, მაგრამ წინსვლაც გვაქვს, და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესების პროფესიულ დონეზე შეფასებისა და გნებავთ კრიტიკისათვის, უმნიშვნელოვანესია კვალიფიციური ბიზნეს გამოცემების არსებობა, სამწუხაროდ, თუმცა ჟურნალ „ფორბსისთვის” საბედნიეროდ, ეს ბაზარი ჯერ კიდევ აუთვისებელია. მინდა წარმატებები ვუსურვო ჟურნალს და მის კოლექტივს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

პრეზენტაციაზე ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების რეიტინგი წარადგინა, რომლის მიხედვით "თიბისი ბანკი" ლიდერ პოზიციაზეა.