პეკინის ქუჩა შესაძლოა ცალმხრივი გახდეს

მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ პეკინის ქუჩა შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, პეკინის გაცალმხრივება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა.

„ქუჩაზე მოძრაობის სქემები მუდმივი დაკვირვების საგანია. არსებობს პეკინის ქუჩის გაცალმხრივების იდეაც. ქუჩაზე ახლა მიმდინარე სამუშაოები კარგი შანსია, ყოველდღიურობაში შევისწავლოთ ეს საკითხი,“- აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

მათივე ცნობით, დაახლოებით 1 თვეში გახდება შესაძლებელი იმის შეფასება, რამდენად მოსახერხებელია პეკინის ქუჩის გაცალმხრივება. ამასთან, როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში თუ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება, კოსტავა-შარტავას ქუჩების გაცალმხრივებაც გახდება საჭირო.

რამდენიმე დღეა პეკინის გამზირზე გზის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა. მათ შორის მოძრაობა შეიზღუდა და ცალმხრივი გახდა როგორც პეკინის გამზირზე, ისე შარტავას ქუჩაზე.