საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებზე Twinning-ის პროგრამა იწყება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი 20-21 ივნისს, ნიდერლანდების ქ. ნორდვეიკში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, ლაშა ხუციშვილმა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო და სამომხმარებლო გადასახადების დეპარტამენტის დირექტორმა, ჰარი რუდბენმა ხელი მოაწერეს პროგრამას საქართველოსა და ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროებს შორის დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ (Twinning programme).

პროგრამა მიზნად ისახავს BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმის ახალი წევრების მხარდაჭერას BEPS-ის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დანერგვის პროცესში. კერძოდ, ტექნიკურ დახმარებას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ საკითებში, როგორიც არის საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა, ქვეყნების მიხედვით ანგარიშგება, დავების გადაჭრის მექანიზმი და მრავალმხრივი საგადასახადო ინსტრუმენტი.

აღსანიშნავია, რომ BEPS-ის პროექტი შემუშავდა 2013 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით და მოიცავს 15 სამოქმედო ღონისძიებას.

ინკლუზიურ პლატფორმას, რომლის მიზანია, ფისკალურ საქმეთა კომიტეტში ქვეყნების თანამშრომლობა თანასწორუფლებიან საფუძველზე BEPS-ის პაკეტის იმპლემენტაციისათვის, საქართველო 2016 წლის 14 ივნისს შეუერთდა. მასში დღეისათვის გაწევრიანებულია 100-მდე სახელმწიფო.