გიორგი კობერიძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიორგი კობერიძე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იუწყება, შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტზე და დაფინანსების საკითხზე ისაუბრეს.

ხაშურის პროექტის შეფასების ტექნიკურ შემსწავლელ მისიას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, წყლისა და წყალარინების პროექტების მენეჯერი, სილვე რუზო ხელმძღვანელობს. ფრანგული მხარე ხაშურში, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

მათივე ინფორმაციით, შეფასების მისია კომპანიის მიმდინარე პროექტებით და საინვესტიციო გეგმებით დაინტერესდა. გიორგი კობერიძემ სტუმრებს წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.