რა ცვლილებები შევიდა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში

ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მესამე - საბოლოო მოსმენით „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას შეფასებით, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის განვითარებისთვის.

„მევენახეობა-მეღვინეობა სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის დღეს უკვე ერთმნიშვნელოვნადაა აღიარებული და კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოებისა და რეალიზაციისათვის. აუცილებელი გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება და ამის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს, ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას. ასევე, გამოიწვევს უცხოური ბაზრების დაინტერესებასა და ჩვენს ქვეყანას მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებლის რეპუტაციას შეუქმნის“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი 1998 წელს არის მიღებული და მასში მნიშვნელოვანი ცვლილება 2002 წლის შემდეგ არ შესულა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სხვა ცვლილებებთან ერთად, საჭირო იყო ტერმინოლოგიის ევროკავშირისა და მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაც.

კანონს დაემატა ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ქვევრის ღვინო“, „ქარვისფერი ღვინო“, „აისვაინი“, „ვაზის გენეტიკური რესურსები“ და სხვა. შინაარსობრივად დაიხვეწა (ტექნიკურად დამუშავდა) ის განმარტებები, რომლებიც კანონის ცალკეული დებულებების ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. კანონიდან ამოღებულ იქნა საკმაოდ მოძველებული ტერმინი – „ვაზის ჯიშების სტანდარტული ასორტიმენტი“ და შემოვიდა „სამრეწველოდ ნებადართული ჯიშების ჩამონათვალი“, ზონებისა და ქვეზონების მიხედვით დადგინდება „რეკომენდებული ვაზის ჯიშების“ ჩამონათვალი. ასევე დადგინდა ვენახის კატეგორიები, ახლებურად განისაზღვრა სპირტიანი სასმელების კატეგორიები და მათი წარმოების წესი. იხილეთ გაგრძელება