7 მარტივი საქმიანობა დამატებითი შემოსავლისთვის (+ვიდეო)

გარდა იმისა, რომ ზაფხული მშვენიერი დროა დასვენებისა თუ გართობისთვის, წელიწადის ამ სეზონზე დამატებითი ფულის შოვნაც შეიძლება.

ბევრი სტუდენტი და ახალგაზრდა დამატებითი შემოსავლისთვის სწორედ ზაფხულს იყენებს და სხვადასხვა მსუბუქი საქმიანობით არის დაკავებული. გთავაზობთ იმ „საზაფხულო“ სამუშაოების ჩამონათვალს, რომელიც საუკეთესო საშუალებაა დამატებითი შემოსავლისთვის.

ძაღლების გასეირნება

„ზაფხულის“ სამუშაოებს შორის უდავოდ სახსენებელია ძაღლების გამსეირნებლის ვაკანსია. როგორც წესი, შინაური ცხოველების პატრონები ერთი ოთხფეხა მეგობრის გასეირნებისთვის ერთ საათში დაახლოებით, 5-დან 15-ლარამდე იხდიან. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასეთი სამსახური შეიძლება რამდენიმე თვესაც გრძელდებოდეს. მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში არის განცხადებები, სადაც ძაღლის პატრონები გამსეირნებელს ერთთვიან შეთანხმებას სთავაზობენ, რომლის პირობების თანახმად, დღეში ნახევარი საათისთვის, გამსეირნებლებს დაახლოებით 200 ლარამდე უხდიან.

ბარმენობა და მიმტანობა

ძაღლების გასეირნების გარდა, ზაფხულში გამომუშავების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხი ბარმენობა ან მიმტანობაა. სეზონის მოახლოებასთან ერთად, დედაქალაქსა თუ სხვა ტურისტულ ზონაში კაფე-ბარების რაოდენობა მატულობს და შესაბამისად, ჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები. ბუნებრივია, ბარმენისა თუ მიმტანის შემოსავალი დიდწილად დამოკიდებულია გამომუშავებაზე და ე.წ. „ჩაიზე“, თუმცა საშუალო სტატისტიკურ თბილისურ ბარში ნახევარგანაკვეთიანი მუშაობისთვის მეპატრონეები 20-25 ლარს იხდიან.

ტექსტის აკრეფა

ფულის გამომუშავების კიდევ ერთი და შედარებით, მარტივი მეთოდია ტექსტების აკრეფა. ჰონორარი ასეთი სამსახურისთვის განსხვავდება დამკვეთის მიხედვით, თუმცა საშუალოდ ვორდის ერთი ნაბეჭდი გვერდის სანაცვლოდ დამკვეთი 70 თეთრიდან 1 ლარამდე იხდის.

ფლაერების დარიგება

ბოლო პერიოდში ქუჩებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც ფლაერებს არიგებენ და ამით დამატებით შემოსავალს შოულობენ. ფლაერების გამავრცელებლის ჰონორარი განსხვავდება არა მხოლოდ დამქირავებლისგან, არამედ დახარჯული საათებითაც. როგორც წესი, 4-5 საათის განმავლობაში ფლაერების გამარვცელებლების ანაზღაურება 10-15 ლარია.

გიდი

კიდევ ერთი შესაძლებლობა ფულის გამომუშავებისთვის ზაფხულში გიდობაა. გიდის ვაკანსია ზაფხულობით განსაკუთრებით მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე, სადაც უცხოელი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. თუმცა, ტურისტული გიდების გარდა, ბოლო პერიოდში მოთხოვნა გიდებზე მუზეუმებსაც აქვთ. თუმცა, გიდეობის შემთხვევაში მთავარი მოთხოვნა სულ მცირე ერთი უცხო ენის ცოდნაა.

მთარგმნელი და რეპეტიტორი

უცხო ენების მცოდნეებისთვის ასევე თვალსაჩინოა მთარგმნელებისა და რეპეტიტორების ვაკანსიებიც. პირველ შემთხვევაში, გამომუშავება უშუალოდ დამოკიდებულია დამქირავებელზე და აქ ფიქსირებული, თუნდაც მიახლოებითი, ჰონორარის დასახელება რთულია. თუმცა, რეპეტიტორების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. უპირველესად ჰონორარი დამოკიდებულია იმ საგანზე თუ საგნებზე, რომლის შესწავლასაც აპლიკანტი დამქირავებელს სთავაზობს. უცხო ენების, კერძოდ კი , ინგლისურის შემთხვევაში ფასი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან, დაახლოებით, 50-დან 80-ლარამდე მერყეობს.

ბანაკის ლიდერი

„საზაფხულო“ სამსახურებს შორისაა ბანაკის „ლიდერების“ ვაკანსიაც. ბანაკის ლიდერი მოვალეობებში, ჩვეულებისამებრ, ბანაკში ჩართული წევრების მეთვალყურეობა, გარკვეული აქტივობების ჩატარება და მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მათი ჰონორარი დამოკიდებულია ბანაკში გატარებულ დღეებზე და ამის გათვალისწინებით, 200-დან 400-ლარამდე მერყეობს.

იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე