თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენა გაიხსნა

თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენა გაიხსნა.გამოფენის გახსნას დაესწრნენ და წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერეს თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და მერების შეთანხმების კოორდინატორმა გიორგი აბულაშვილმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ელექტრომობილები, ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, სამშენებლო მასალები, ალტერნატიული ენერგიის წყაროები, საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები.

”ვფქირობთ, თბილისელებისთვის, თბილისის სტუმრობისთვის საინტერესო ღონისძიებაა, რადგან მათ შეუძლიათ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ თუ რა შედეგი მოაქვს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას. აქ წარმოდგენილ კომპანიებს შორის, პრაქტიკულად ყველა ქართული კომპანიაა, რომელთა ნაწილი დაკავებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების იმპორტით, ნაწილი ადგილზე წარმოებით”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში, თბილისის მერიის წინ პარკინგზე ელექტრომობილები და MAN-ის ავტობუსი იყო განთავსებული.

”ენერგოეფექტურობა უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში, ის არის მნიშვნელოვანი ერთი, კონკრეტული აბონენტისთვის, რადგან თითოეული დაზოგილი ენერგიის მატარებელი არის დამატებითი შემოსავალი მის ოჯახში. გარდა ამისა, ჩვენ სამწუხაროდ ჯერ ისევ ვრჩებით დეფიციტურ ქვეყანად, თითოეული შემოტანილი ენერგომატარებელი არის სხვა ქვეყნების ეკონომიკის სუბსიდირება ჩვენი სიმდიდრის ხარჯზე, შესაბამისად, რაც უფრო მეტად დავზოგავთ, როგორც ქვეყანა ენერგიას, მით უფრო მეტი სიმდიდრე და დოვლათი დარჩება ქვეყანაში, ვიდრე ჩვენ გავხდებით სრულიად ენერგოდამოუკიდებლები”, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

გამოფენაზე თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს კომპანიებმა: Insta, Gorgia, New Light, SAGA, GEONOVATION, Knauf, Rehau, Dio, Albatross, Perliti, NOVA, Ytong Caucasus LLC, Sun House, Bioenergy, Qebuli Climate , XYZ construction, Energy.ge, NEWTECH, Nissan Global Motors Georgia, Gino Paradise, E-Space.

გამოფენა მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მდგრადი ენერგეტიკის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 19-25 ივნისს ევროპის მასშტაბით იმართება. თბილისი აღნიშნულ კვირეულში ყოველწლიურად მონაწილეობს.