დღეიდან უცხოელები სასოფლო-სამეურნეო მიწას ვეღარ დაირეგისტრირებენ

23 ივნისიდან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართვლოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმი ცხადდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მორატორიუმის მოქმედების პერიოდში უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ დაარეგისტრირებენ.

„იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება.

ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეზღუდათ: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს; უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

მორატორიუმი ძალაში იქნება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისი ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შევიდა,“- ვკითხულობთ განცხადებაში.