ვის არ ექნება ვალდებულება ფასდადება მხოლოდ ლარში მოახდინოს

1 ივლისიდან სავალდებულო ხდება ქონების რეალიზაციის ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვა.

თუმცა, არიან გამონაკლისი მეწარმეები, რომლებზეც ეს წესი არ ვრცელდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 22 ივნისის ბრძანებაშია ნათქვამი.

კერძოდ, ბრძანების მიხედვით, ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:

1. ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული ხორციელდება უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან;

2. ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის, საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებთან, ასევე, ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებთან. ეს პუნქტი ასევე ვრცელდება აღნიშნული სახის გადაზიდვებთან დაკავშირებულ მომსახურებებზე;

3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევასთან;

4. როუმინგის მომსახურებასთან;

5. უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან;

6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებასთან;

7. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან;

8. არარეზიდენტის მიერ (მათ შორის, მისი მუდმივი დაწესებულების მეშვეობით) ან არარეზიდენტისათვის მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან;

9. ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან;

10. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან;

11. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ასევე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებთან.

12. უცხოური საგადახდო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებასთან.

13. მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც ადასტურებს წილობრივ მონაწილეობას უცხოურ კომპანიაში, ან მისი ეკვივალენტთან; მიმოქცევად სასესხო ინსტრუმენტთან/ვალდებულებასთან; სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდთან, რომელიც იძლევა ფასიანი ქაღალდების შეძენის უფლებას მასზე ხელმოწერის, მისი ყიდვის ან მისი გაცვლის გზით, ან რომლის შესრულება ხდება შეთანხმებულ და მიმდინარე ფასთა შორის სხვაობის დაფარვით, ან რომელიც ითვალისწინებს ფულად ანგარიშსწორებას, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებასთან; ფულის ან სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტებთან; ანგარიშზე რიცხულ ძვირფას ლითონებთან; ასევე ზემოთ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან, უფლებებთან ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებულ უფლებებთან. ამასთან, ბრძანების თანახმად, ეს პუნქტი მხოლოდ უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ ინსტრუმენტებზე ვრცელდება.

იხილეთ ასევე ამ თემაზე : რა იცვლება 1 ივლისიდან ქონების ფასის გამოხატვასთან დაკავშირებით?

თაია არდოტელი