ვეტერინარული პრეპარატების შეძენაზე რეცეპტის გამოწერა იქნება აუცილებელი

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ვეტერინარული აფთიაქებიდან ანტიბიოტიკების გაცემა მხოლოდ რეცეპტით მოხდება. პროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის წევრი ოთარ დანელიაა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ვეტერინარი ექიმის მიერ მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ანტიბიოტიკების გამოყენება, როგორც სამკურნალო საშუალება, ასევე მათი ნარჩენების რაოდენობა ცხოველის საკვებში, საკვებდანამატებში და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში.

„დღეისათვის ვეტერინარს არ აქვს რეცეპტის გამოწერის უფლება, რაც ხელისშემშლელ პირობას წარმოადგენს არა მხოლოდ ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაში. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ემსახურება ვეტერინარიის რეგულირებად საქმიანობად განსაზღვრას და ვეტერინარიის 5 წლიან ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე (მინიმუმ 300 კრედიტიანი) გადასვლას. აღსანიშნავია, რომ ვეტერინარიის პროგრამის რეგულირების სფეროში მოქცევის შემდეგ, აღარ იარსებებს ვეტერინარიის 240 კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამა,“-ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.