საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კიდევ ერთი იორდანიული ავიაკომპანია იწყებს

იორდანიული ავიაკომპანია Royal Wings 25 ივნისიდან ამანი - ბათუმი - ამანის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას იწყებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან იუწყებიან, ფრენები 10 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და კვირას, Airbus A320 / Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ჩარტერული რეისების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 21 ივნისს მიანიჭა.

"Royal Wings” მეორე იორდანიული ავიაკომპანიაა Air Arabia Jordan-ის შემდეგ, რომელმაც საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ამანი - თბილისი - ამანის რეგულარულ ავიარეისებს Air Arabia Jordan 28 აპრილიდან ასრულებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.