ოზურგეთში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ოზურგეთში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ისაუბრეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამების, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ.

„დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში მეწარმეებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენ მათ გავაცანით DCFTA-ით აღებული ვალდებულებები და ის სარგებელი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას მოაქვს, ასევე განვიხილეთ მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრობლემები. ასეთი სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

ნოდარ კერესელიძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრების დროს ხდება პრობლემების იდენტიფიკაცია, რაც სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეხმარება შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

„გურიაში მეწარმეებს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, განვუმარტეთ სახელმწიფოს როლი და საქმიანობა ამ საქმეში როგორც საკანონმდებლო რეფორმების, ისე კონკრეტული მიზნობრივი პროგრამების კუთხით, რომლებიც ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას“, - აღნიშნა კერესელიძემ.

მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას გენადი არველაძესა და ნოდარ კერესელიძესთან ერთად გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.