თბილისის მეტრომ შარშან 105 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.
იმავე პერიოდში მუნიციპალური ავტობუსით იმგზავრა 160 მილიონმა კაცმა, ხოლო 180 მილიონი მგზავრი ჰყავდათ მიკროავტობუსებს. რადგან ტაქსების ოფიციალური აღრიცხვა არ მიმდინარეობს, უცნობია, რამდენი მოქალაქე მგზავრობს საშუალოდ წელიწადში ტაქსით.
თუმცა ზოგადი ტენდენცია მიუთითებს, რომ საქალაქო ტრანსპორტში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. რამდენად პასუხობს დღეს არსებული მუნიციპალური ავტოპარკი მოთხოვნებს და რა იგეგმება საქალაქო ტრანსპორტის განვითარებისთვის, ამ და სხვა თემებზე საუბარი თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ მამუკა მუმლაძესთან პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებიდან დავიწყეთ:
- პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს.
პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო შედგა დროებითი სატრანსპორტო სქემა და აღმოჩნდა, რომ ეს სქემა კარგად მუშაობს. თუმცა, მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება. ამიტომ 10 აგვისტოსთვის მზად გვექნება პეკინზე, შარტავა-კოსტავასა და მიმდებარე ქუჩებზე შეცვლილი სატრანსპორტო მოძრაობის სიმულაციური სქემა და კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, რომელიც რეალურს 80%-ის სიზუსტით უახლოვდება, ამ სქემის ეფექტიანობის შეფასებას შევძლებთ.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამ საკითხზე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტებთან ვიმსჯელებთ. თუმცა, საუკეთესო ექსპერტი, ალბათ, ეს რამდენიმეთვიანი პერიოდი იქნება, როცა ქუჩებზე შეცვლილია მოძრაობის მიმართულება და იმის მიხედვით, თუ როგორ მუშაობს დროებითი სქემა, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ასევე გადასაწყვეტი იქნება, დარჩება თუ არა პარკირების ადგილები პეკინის ქუჩაზე. დღეს იქ საერთოდ შეზღუდულია პარკირება, ასევე ავტომობილების გაჩერება შეზღუდულია ბექას ქუჩაზე, რომელიც ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩას აკავშირებს ერთმანეთთან; დღის საათებშია შეზღუდული ავტომობილების პარკირება შარტავასა და ბულაჩაურის ქუჩებზეც. ეს შეზღუდვები დროებითი სქემის ნაწილია, მაგრამ იმაზეც ვმუშაობთ, როგორ მოეწყობა პარკირების სისტემა - გზის ორივე მხარეს დარჩება, მხოლოდ ერთი ზოლი იქნება და სხვ. როცა პეკინის ქუჩას ვაკვირდებოდით, ღამის საათებში თითო-ოროლა ავტომობილი იდგა. შესაბამისად, აქ შესაძლებელია შევეგუოთ პარკირების ადგილების შეზღუდვას, თუმცა ესეც მსჯელობის საგანია.
- ქალაქის მასშტაბით გეგმავთ 70-მდე ავტოგასამართი სადგურის აღებას. რა არის ამის მიზეზი და რა ადგილებში მოხდება ავტოგასამართი სადგურების დემონტაჟი?
- გავაკეთეთ აღწერა და დავდეთ ინფორმაცია, რომ თბილისში 70-80 ავტოგასამართი სადგური თავის დროზე წინდაუხედავად აშენდა და სატრანსპორტო ნაკადების მომატების შემთხვევაში, აქ პრობლემა შეიქმნებოდა.მაგალითად, როცა გმირთა მოედნიდან ჩავდივართ სანაპიროზე, მარჯვენა მხარეს განლაგებულია რამდენიმე ობიექტი: რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, საბურავების სერვისცენტრი, "ლაგუნა ვერეს" მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია "ფრეგოს" ავტოგასამართი სადგური, რომელიც, ფაქტობრივად, კლდეშია აშენებული. ამ ობიექტებზე ავტომობილების შესვლა-გამოსვლა ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს. ასევე პრობლემურია და მოძრაობას აფერხებს იუსტიციის სახლის მახლობლად, ე.წ. მხატვრების გამოფენასთან მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართი სადგური; კახეთის გზატკეცილზე და აღმაშენებლის ხეივანშიც არის რამდენიმე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც ასევე ხელს უშლის ტრანსპორტის გადაადგილებას და სატრანსპორტო ნაკადების ზრდის შემთხვევაში, კიდევ მეტ პრობლემას შექმნის.
ჩვენ შევადგინეთ პრობლემური ავტოგასამართი სადგურების ნუსხა, ახლა გადაწყვეტილებაა მისაღები.
- რამდენი მგზავრი სარგებლობს დღეს მუნიციპალური ტრანსპორტით და თუ აკმაყოფილებს არსებული პარკი მგზავრთნაკადს?
- შემოსულია 143 მან-ის ახალი ავტობუსი და მათგან 40 უკვე ხაზზე მუშაობს. ამ ხაზებიდან გამოთავისუფლებული "ბოგდანის" დიდი ავტობუსები სხვა მარშრუტებზე გადავიყვანეთ და შედარებით მცირე ზომის ავტობუსებით ჩავანაცვლეთ, რამაც გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
მუნიციპალურ ტრანსპორტზე საშუალოდ წელიწადში მგზავრთნაკადი 13-14%-ით იზრდება. პირველ ეტაპზე მგზავრთა ნაკადის 70%-იანი მატება გვქონდა ახალ, ლურჯ ავტობუსებზე. შემდეგ ეს მაჩვენებელი 40%-მდე დასტაბილურდა. რაც უფრო მეტ ახალ ავტობუსს შემოვიყვანთ, ველოდებით, რომ მგზავრების რაოდენობა მით უფრო გაიზრდება რამდენიმე მიზეზის გამო: მგზავრობის ხელსაყრელი ტარიფი - 50 თეთრი, სოციალური შეღავათები, მათ შორის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის და კომფორტი. დღეს თბილისის მასშტაბით 525 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. ახლო მომავალში კიდევ 6 ავტობუსი დაემატება ქალაქს, მაგრამ არსებული მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს, 800-მდე ავტობუსია საჭირო.
- მეტროს სადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულდა და მალე 23-ე სადგური შეემატება ქალაქს, კიდევ ხომ არ იგეგმება მათი რაოდენობის ზრდა?
- შარშან მეტროს 20 ვაგონის მოდერნიზაცია და კაპიტალური შეკეთება მოხდა. ეს პროცესი წლეულსაც გრძელდება და კიდევ 28 ვაგონი შეკეთდება. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საბურთალოს ხაზზე დაემატება ორი სამვაგონიანი შემადგენლობა. თუ მოთხოვნა იქნება, რამდენიმე შემადგენლობას დავამატებთ. გასათვალისწინებელია, რომ პეკინის გაცალმხრივების შემთხვევაში, შესაძლოა, მეტროს მგზავრების რაოდენობა გაიზარდოს და ამ შემთხვევაშიც გვაქვს რესურსი, რომ პიკის საათებში მეტროს მატარებლებს შორის ინტერვალი 3,5-დან 2,5 წუთამდე შევამციროთ. დაგეგმილი გვაქვს, რომ დიდუბის მეტროს ჰაბი დაუკავშირდეს დიდ დიღომს, სადაც შეიძლება მეტროს მიწისზედა ელექტროტრანსპორტი განვითარდეს.
მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე და წარვადგინეთ ჩვენი ხედვა, რაც ითვალისწინებს მეტროს განვითარებას, მათ შორის მეტროსადგურ "ახმეტელის" კიდევ ერთი ამოსასვლელის აღდგენას, რომელიც ამჟამად დაკონსერვებულია. უნდა ვიფიქროთ "მარჯანიშვილის" მეტროს მეორე ამოსასვლელის აღდგენაზეც, რომელიც საცხოვრებელ სახლებში მოექცა, მაგრამ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს... მოგეხსენებათ, ჩვენ ორი დეპო გვაქვს - ნაძალადევისა და გლდანის, სადაც მეტროს ვაგონები ჩერდება, უტარდებათ ტექდათვალიერება და სხვ. არსებობს კიდევ ერთი დეპო, რომელიც დაკონსერვდა და ნაძალადევის მეტროდან დაახლოებით 300 მეტრშია. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გვირაბის საშუალებით საბურთალოს ხაზს უკავშირდება და უფრო ახლოს არის, ვიდრე ნაძალადევის დეპო. თუ ეს დეპო აღდგება, საბურთალოს ხაზის მეტროს ვაგონებს უფრო ახლომდებარე ობიექტში მოუწევთ გადაადგილება, ამით განსაზღვრულ ეკონომიას მივიღებთ.
- გენგეგმაში საუბარი იყო ტრამვაის ხაზის აღდგენაზე, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარებაზეც?
- ლაპარაკია მიწისზედა მეტროზე ან ტრამვაიზე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი განხორციელდება. დღეს რუსთავიდან თბილისში და პირიქით დღეში 20 ათასამდე კაცი გადაადგილდება, მგზავრთნაკადს 300 მიკროავტობუსი ემსახურება. რკინიგზის გადატანის შემთხვევაში თავისუფლდება სივრცე, რომლის გამოყენებით ჩნდება შესაძლებლობა, თბილისი მიწისზედა სალიანდაგო ტრანსპორტით რუსთავს დაუკავშირდეს. არსებული სალიანდაგო ხაზი რუსთავის მახლობლად მდებარე სოფელ ყარაჯალამდე ჩადის და იქიდან ძალიან პატარა მონაკვეთია, რომლის დაკავშირება რუსთავთან, ფაქტობრივად, ერთი ხიდით შეიძლება და მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი თბილისიდან რუსთავამდე ჩავა. სატრანსპორტო ჰაბი შესაძლებელია "სამგორის" მეტროსთან გაკეთდეს. აქ მგზავრი ამოვა მეტროდან და შესაძლებლობა ექნება, ჩქაროსნული მიწისზედა ტრანსპორტით წავიდეს "ისთ პოინტამდე", ლილომდე და ასევე, რუსთავამდე. მიდის მუშაობა საბაგირო ტრანსპორტის განვითარებაზე. სამგორსა და ვაზისუბანში იყო სამგზავრო ტიპის საბაგირო გონდოლები, 22-25 კაცზე გათვლილი. ახლა გრანტის ფარგლებში გაკეთდება პროექტი და ზემოხსენებული ჰაბიდან შესაძლებელი იქნება ვაზისუბანში ან თბილისის ზღვამდე საბაგიროთი მგზავრობა.- დიდი ხანია მერიაში ლაპარაკია ტაქსების ლიცენზირებაზე. თუ გამოიკვეთა კონკრეტული სქემა და მისი ამოქმედება როდის იგეგმება?
- რადგან ავტობუსების პარკი კარგი ტემპით იზრდება და მგზავრთნაკადიც იმატებს, ტაქსების რეგულირებაც გაადვილდება.ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ტაბლო - ვინ ემსახურება მგზავრს, მძღოლის საკონტაქტო ტელეფონი და მონაცემები.
თუ მძღოლი ტაქსოკომპანიას წარმოადგენს, ამ კომპანიის მონაცემები და მძღოლის ბარათი. ნებართვის ღირებულება მისაღები იქნება მძღოლისთვის. მგზავრსაც ეცოდინება, ვის უჯდება ტაქსიში. ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით უკვე კონკრეტულ ქმედებებზე გადავალთ.
ემა ტუხიაშვილი
წყარო „კვირის პალიტრა"