ქართველმა ტურისტებმა ერთ თვეში საზღვარგარეთ 43 მილიონი დოლარი დახარჯეს

ქართველმა ტურისტებმა მაისის თვის განმავლობაში საზღვარგარეთ 43 მილიონი დოლარი დახარჯეს.

ამის შესახებ მონაცემები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეაჯამა, სტატისტიკისთვის კი საზღვარგარეთ ქართველების საბანკო ოპერაციები და გადახდა გამოიყენა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტურისტებმა უცხო ქვეყნებში მოგზაურობისას 2017 წლის მაისში 103 მილიონი ლარი, დაახლოებით 43 მილიონი დოლარი დახარჯეს. ეს მაჩვენებელი წინა წლის მაისთან შედარებით 49%-ით მეტია.

საქართველოდან ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობა ტურისტული და საქმიანი მიზნებით 3 თვის ვადით შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ზონა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გერმანია აღმოჩნდა.

გაზეთი "რეზონანსი"