არასამთავრობო ორგანიზაცია "ნენსკრა ჰესისა" და „ქსანი - სტეფანწმინდას“ პროექტების თაობაზე შეხვედრას გამართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ "ნენსკრა ჰესისა" და ყაზბეგის რაიონში მიმდინარე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის „ქსანი - სტეფანწმინდას“ პროექტების თაობაზე დღეს შეხვედრას გამართავს.

როგორც „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა განაცხადა, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრება.

„დღევანდელი შეხვედრის თემაა საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე ენერგოპროექტები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, ძირითადი ფოკუსი გაკეთებული გვაქვს ორ პროექტზე, ეს არის „ნენსკრაჰესი“ და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „ქსანი - სტეფანწმინდა“. აღნიშნული პროექტები, მართალია სხვადასხვა სტადიაზეა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ორივე მათგანში სერიოზულ პრობლემებს და გვსურს დღეს განვიხილოთ ეს პრობლემური საკითხები არასამთავრობო სექტორთან. შეხვედრას დაესწრებია ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებიც საკუთარ აზრს და პოზიციას დააფიქსირებენ“, - განაცხადა ჭიპაშვილმა.

რაც შეეხება პრობლემებს, მისი განცხადებით, პრობლემური საკითხები არის პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით.

„წარმოდგენილი დოკუმენტაციით, რომლის თაობაზეც საჯარო განხილვა გამართა კომპანიამ ამა წლის აპრილში, არ საბუთდება აღნიშნული პროექტის საჭიროება მაშინ, როდესაც მისაყენებელი ზიანი არის საკმაოდ დიდი. მეორე სერიოზული პრობლემა ეს არის ამ პროექტის საფრთხეებისა და ზემოქმედების შეფასებები ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედებას. ეს არის ორი ძირითადი პრობლემური საკითხი, რასაც ჩვენ ვხედავთ „ნენსკა ჰესთან“ დაკავშირებით“, - განაცხადა ჭიპაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საქმე ეხება ტრადიციულ საკუთრებას, რომელიც პროექტში მიჩნეულია, როგორც სახელმწიფო საკუთარება.

„დღეს უკვე მიმდინარეობს ადგილობრივების კუთვნილი ტრადიციული საკუთრების - მიწების, როგორც სახელმწიფო მიწის სტატუსით კომპანიისთვის გადაცემა ისე, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ ეკითხებიან, რაც ასევე ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა ჭიპაშვილმა.