უკრაინის მსხვილ კერძო და სახელმწიფო კომპანიებზე ჰაკერული შეტევები განხორციელდა

უკრაინაში რიგი მსხვილი კომპანიები, მათ შორის სახელმწიფო კომპანიები, ჰაკერული შეტევის ობიექტები გახდნენ. ჰაკერული შეტევები ასევე განხორციელდა „ბორისპოლის“ აეროპორტზე.

ჰაკერული შეტევა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე დაიწყო. ვირუსი ძალიან სწრაფად გავრცელდა, რაც შემდგომში გამოიხატებოდა Windows-ის პლატფორმაზე მომუშავე კომპიუტერების მუშაობის შეწყვეტაში.

აღნიშნულის შედეგად რიგი კომპანიების საიტები არ მუშაობს, ხოლო სხვა კომპანიებში კი კომპიუტერები გათიშეს ჰაკერული შეტევის პირველი ნიშნების შემდეგ.

უკრაინის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მომენტისთვის, ის ბანკები, რომლის კომპიუტერებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, სირთულეებს განიცდიან კლიენტების მომსახურების კუთხით.

„ბორისპოლის“ აეროპორტში განაცხადეს, რომ შეტევის შედეგად შესაძლოა რეისები გადაიდოს. ასევე, პრობლემები შეექმნა კიევის მეტროპოლიტენს, სადაც დაბლოკილია საბანკო ბარათებით მგზავრობის გადახდის ფუნქცია.