ანზორ ჩუბინიძე - მე შემიძლია პასუხი ვაგო იმ ხარჯებზე, რაც ჩემს პერიოდშია გაწეული

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, მისი ხელმძღვანელობისას რა ფარული ხარჯებიც არის გაწეული პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, მასში არავითარი კანონდარღვევა არ ყოფილა.ამის შესახებ ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს, სდსს-ს ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ადვოკატების განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ანზორ ჩუბინიძის პერიოდში ფარული ხარჯების გაწევას ეხება.

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელ თემურ ჯანაშიას გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება სდსს-ს მიერ გაწეულ ფარულ ხარჯებს, რომელიც გამოძიების მტკიცებით ექს-პრეზიდენტის პირად კომფორტსა და სხვადასხვა საჩუქრებს ხმარდებოდა.

”2013 წლის თებერვლიდან მე ვხელმძღვანელობ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და ბატონი მიხეილი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით, 10 თვის განმავლობაში იყო პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, ხარჯები იყო, მაგრამ მე არ მახსოვს, რომ იმ ხარჯებში რამე კანონდარღვევა ყოფილიყო. თუ იყო კანონდარღვევა, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა თქვან. მე შემიძლია პასუხი ვაგო იმ ხარჯებზე, რაც ჩემს პერიოდშია გაწეული. თუ ამაში რამე კანონდარღვევა არის, მე ვფიქრობ, რომ არ არის და თუ არის, მაშინ ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მომთხოვონ პასუხი”, - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ვარაუდით, დაცვის მხარე იმიტომ ითხოვს სასამართლოში მის დაკითხვას, რომ ”ხარჯები სავარაუდოდ იდენტურია”.

”მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პასუხს ვაგებ იმ ხარჯებზე, რომელიც ჩემს პერიოდში იყო. რა თქმა უნდა, ხარჯები იყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხარჯები უკავშირდებოდა დაცვის სამსახურის თანამშროლების გადაადგილებას. ყველაზე მეტი იხარჯებოდა თვითმფრინავის მომსახურებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ვიზიტების დროს იყენებდა”, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.

დაცვის მხარემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის დოკუმენტი წარადგინა, რომლითაც დაცვის მხარის მტკიცებით, დასტურდება, რომ „ფარული ხარჯები“ სდსს-ს ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის დროსაც ჰქონდა. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის წინაშე იშუამდგომლა ვალერიან კილაძის პატაკი, რომელიც ანზორ ჩუბინიძის სახელზეა დაწერილი, საქმის მასალებს დართვოდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.