საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ფუნქციონირების გაგრძელებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით გეგმავს

საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (BGEO Group PLC), ფუნქციონირების გაგრძელებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით გეგმავს.

როგორც საქართველოს ბანკიდან იუწყებიან, ერთი კომპანია საბანკო (Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის (BGEO Investments) მიმართულებით იმუშავებს. ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი.

მათივე განცხადებით„ბიჯეო ჯგუფს“ მიაჩნია, რომ ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით ჩამოყალიბება განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს ორივე ბიზნეს მიმართულებას, რომლებიც, თავის მხრივ, საქართველოში ლიდერები არიან საკუთარ სფეროში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ამ ბიზნესს ექნება მეტი მოქნილობა მართოს საკუთარი რესურსები და მისდიოს საკუთარ სტრატეგიას.

საინვესტიციო კომპანია BGEO Investments („ბიჯეო ინვესტმენტს“) განაგრძობს ინვესტიციების ქართულ ბიზნესში განხორციელებას, დაფინანსების მოზიდვას ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან და დაეყრდნობა კომპანიების ზრდის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. ”საქართველოს ბანკი” სთავაზობს მომხმარებელს საცალო და კორპორაციული საბანკო საქმიანობის მომსახურებას, ლიზიგნს, დაგროვილი ქონების მართვას, საბროკერო მომსახურებასა და საბანკო მომსახურებას ბელორუსში.

როგორც ”საქართველოს ბანკში” განმარტავენ, ორივე კომპანიას ეყოლება ცალ-ცალკე სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები. „ბიჯეო ინვესტმენტს“ სათავეში ჩაუდგება ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს სახით. ”საქართველოს ბანკის” მენეჯმენტის სათავეში იქნება კახა კიკნაველიძე, ხოლო ”საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს პოსტზე ირაკლი გილაურს შეცვლის ნილ ჯანინი (ამჟამად „ბიჯეო ჯგუფის“ არააღმასრულებელი, დამოუკიდებელი თავმჯდომარე).

„ეს არის ახალი ეტაპი კომპანიის განვითარებაში და ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ახალი ისტორიის წერას ვიწყებთ. იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, მიგვაჩნია, რომ მათი შემდგომი ზრდისთვის, ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად განვითარება ყველაზე სწორი გზაა. ეს შესაძლებლობას მისცემს როგორც ”საქართველოს ბანკს”, ისე „ბიჯეო ინვესტმენტს“ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი მომგებიანი პოზიციონირება და მაქსიმალურად აითვისონ პოტენციალი გრძელ ვადაში. მიგვაჩნია, რომ ეს ორი მიმართულება დამოუკიდებლად კიდევ უფრო მეტად განვითარდება, დამატებით - საქართველოს ბანკს კი ექნება შესაძლებლობა კვლავ აქტიურად იმუშაოს კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით“,- განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა და ”საქართველოს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა.

„საქართველოს ბანკი” არა მარტო განაგრძობს წარმატებული და ზრდადი შედეგების მიღწევას, არამედ კიდევ უფრო გახსნილი და მოქნილი იქნება ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გადაწყვეტილებას ექნება განსაკუთრებით დადებითი გავლენა ბანკის კორპორაციული ბიზნესის ზრდაზე. ბანკი შეინარჩუნებს მის უაღრესად ნიჭიერ მმართველ გუნდს, შესანიშნავ თანამშრომლებს, ძალიან კარგ პოზიციონირებას როგორც საცალო, ისე კორპორაციული საბანკო მომსახურების სფეროში და განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავა“, - განაცხადა ”საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს კომპანიის აქციონერთა საბჭომ. შემდგომ პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს და სავარაუდოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. „ბიჯეო ინვესტმეტნსი“ მოიცავს: 57% წილს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), კომპანიას „ჯორჯია გლობალ იუთილითის“ (GGU), კომპანიას „m2 უძრავი ქონება“, 72% წილს „თელიან ველში“, სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა“ და 9.9% წილს საქართველოს ბანკში.