სივრცითი მოწყობის შესახებ კანონი პარლამენტმა შემოდგომაზე უნდა მიიღოს

საქართველოს მთავრობა ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემაზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა.

პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა ახალი კანონპროექტი სახელწოდებით - „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“. ეს არის კანონი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სივრცითი მოწყობის ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს. ახალი კანონის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარეს რომან კაკულიას ესაუბრა.

- ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ამ კანონპროექტში ბევრი რამ არის დასაზუსტებელი, ამიტომ ჩვენს კომიტეტთან შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა გაიაროს ყველა საკვანძო საკითხი. ეს ჯგუფი ყურადღებას გაამახვილებს პრობლემებზე, რომელზეც კონსენსუსის მიღწევა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. სივრცით მოწყობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე საქართველოში დიდი ხანია მსჯელობენ და ძალიან კარგი იქნება, თუ ამ კანონს ჩვენი პარლამენტი მიიღებს.

- ბატონო რომან, ვინ შედის საკონსულტაციო ჯგუფში?

-საკონსულტაციო ჯგუფში არიან არა მარტო მთავრობის წარმომადგენლები, არამედ დამოუკიდებელი ექსპერტები, დეველოპერები, არქიტექტორები, მედიის წარმომადგენლები... სანამ საკომიტეტო განხილვა დაიწყება, ამ ჯგუფთან ერთად უნდა მოვასწროთ სადავო საკითხების განხილვა. ყველა ასეთი თემა ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან შეთანხმებით. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც შეხვედრებისა და კონსულტაციების დროს გამოიკვეთება. საბოლოო ჯამში, ეს იქნება ერთიანი, უნიფიცირებული კანონი, რომელიც რამდენიმე კანონის შეჯერებით შეიქმნება.

- გამოწვევებში რას გულისხმობთ?

- განსაკუთრებით საყურადღებო სფეროებია არქიტექტურა, ინჟინერია, ურბანისტიკა, მომეტებული საფრთხის შემცველი შენობები, ასევე მნიშვნელოვანია ნებართვების გაცემის თემაც, მწვანე მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ... ამ საკითხებს წარმოდგენილ კანონპროექტში ვერ ვხედავთ. მათ შესახებ კერძო სექტორის და ექსპერტების აზრი ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა. სწორედ ამიტომ, მათთან კონსულტაციების გავლა აუცილებლად მიგვაჩნია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორთან კონსენსუსს მივაღწიოთ და არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ გამოგვრჩეს. მხოლოდ კონსენსუსის მიღწევის შემდეგ დავიწყებთ საკვანძო საკითხების განხილვას.

- ბევრია ასეთი საკითხი?

- საკმაოდ. დაახლოებით ოცამდე საკითხია, რომელიც განხილვას და გადაწყვეტას საჭიროებს.

- ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობები, რომელმაც ქალაქის იერსახე დაამახინჯა. როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

- როგორც წესი, აქაც კომპლექსური მიდგომაა საჭირო. თქვენს შეკითხვაზე, თუ რა შეიცვლება ამ მიმართულებით, მხოლოდ საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ გვექნება პასუხი. ამჟამად მე ამ შეკითხვაზე შეგნებულად არ გიპასუხებთ. ჯერ ის კომპლექსური მიზეზები უნდა დავადგინოთ, რომლის გამოც თბილისში ისეთი შენობები ააშენეს, რომელიც არც სტანდარტებს შეეფერება, არც მოსახლეობის გემოვნებას და არც - ქალაქის იერსახეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე ახალ ეტაპზე გადავალთ ქალაქმშენებლობის და სივრცითი მოწყობის საკითხებში. საერთოდ, ნებისმიერი კანონმდებლობა კონსენსუსის შედეგია, ყოველთვის არსებობს მხარე, რომელსაც რაღაც არ სურს და ხელს არ აძლევს, მაგრამ დათმობაც საჭიროა. ეს ყველაფერი გონივრულობის ფარგლებში უნდა ხდებოდეს. მაშინ არც დეველოპერს ექნება უსამართლობის განცდა და არც საზოგადოება იქნება უკმაყოფილო.

- ბატონო რომან, როდის ექნება საქართველოს ახალი კანონი სივრცითი მოწყობის შესახებ?

- როდესაც საკანონმდებლო საქმიანობას ვაკვირდები, ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტისას თვალში მხვდება სიჩქარე, რომელსაც არავითარი გამართლება არა აქვს. ამ კანონის მიღებამდე აჩქარებას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ საშემოდგომო სესიაზე მუშაობა უნდა დავასრულოთ. ისე უნდა მოვახერხოთ, რომ 2017 წლის შემოდგომაზე უკვე ახალი კანონმდებლობა გვქონდეს ქვეყნის სივრცითი მოწყობის შესახებ, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველა პრობლემას გაითვალისწინებს და მოაწესრიგებს. მანამდე კი, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ყველა საკვანძო საკითხი, რომელიც წინააღდეგობრივია და მივაღწიოთ შეთანხმებას მთავრობასა და კერძო სექტორს შორის. ყველანაირად ვეცდებით, რომ ახალი კანონი ჩვენი ქვეყნის სივრცითი მოწყობის შესახებ შემოდგომაზე მივიღოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე