თბილისის მერია ელიავას ბაზრობის დაზარალებულ მოვაჭრეებს საბანკო სექტორთან შუამდგომლობას ჰპირდება

ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები დედაქალაქის მერის მოადგილეებს შეხვდნენ. მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე- მერი ლაშა აბაშიძე , მერის მოადგილეები - ირაკლი ლექვინაძე და გიგა ნიკოლეიშვილი, ასევე დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავდაპირველად დაზარალებულთა მონაცემთა ბაზები და ზიანის მოცულობა უნდა დაზუსტდეს.

”ჩვენ გვქონდა საკმაოდ საქმიანი შეხვედრა. პირველი, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ უნდა დაზუსტდეს დაზარალებულთა მონაცემთა ბაზები, ზიანის მოცულობა და იმ საქონლის მოცულობა, რომელიც განადგურდა, ან დაზიანდა. ამის შემდგომ, ჩვენ განვახორციელებთ შუამდგომლობას საბანკო სექტორთან, რადგან ბევრ მათგანს აქვს სასესხო ვალდებულება სხვადასხვა ბანკთან, ისევე როგორც სხვა შემთხვევებშიც, მოხდება გარკვეულწილად ფიქრი ამ სესხების რესტრუქტურიზაციაზე. შემოსავლების სამსახურმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დაზიანებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა მოხდება და ამ კომუნიკაციაში ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად ჩართული ვიქნებით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, კონკრეტული ნაბიჯები მათი საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე გვეცოდინება მას შემდეგ, რაც გვექნება შედარებით უფრო სრული სურათი ხანძრის შედეგად დაზიანებული, თუ განადგურებული საქონლის მოცულობის შესახებ”, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ამასთან, უახლოეს დღეებში მერია ელიავას ობიექტების დამფუძნებლებთან შეხვედრასაც გეგმავს.

”მერია შეხვდება ყველა მხარეს, ვინც გარკვეულწილად კავშირშია ელიავას ბაზრობაზე მომხდარ ფაქტთან. ერთ-ერთი მხარეა დამფუძნებლები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვინდა გავიგოთ მათი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და ამ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.