ე.გ.ხ-ის „იმერეთი“ პარალელურად არსებული, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქცია დასრულდა

”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ქვეყნის ენერგეტიკისთვის კიდევ ერთი პროექტი დაასრულა. როგორც ”საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან" იუწყებიან, წარმატებით დასრულდა ქვეყნის ენერგეტიკისთვის უმნიშვნელოვანესი ობიექტის, 500 კვ-იანი ე.გ.ხ-ის „იმერეთი“ პარალელურად არსებული, 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქციის პროექტი.

”პროექტის ფარგლებში, განხორციელდა „სათაფლია-1-2“-ის რეკონსტრუქციის, „აჯამეთი 1-2“-ის და ,,აჯამეთი 2-3“-ის გაორჯაჭვიანებისა და „დერჩი“-ს ახალი 21 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. შეიქმნა ახალი ენერგეტიკული ჯაჭვი ქ/ს „ქუთაისი-220“-სა და „ზესტაფონი-500“-ს შორის, რომელიც 500 კვ-იანი ე.გ.ხ „იმერეთის“ გამორთვის შემთხვევაში, მისი 80%-90%-იანი რეზერვირების შესაძლებლობას გულისხმობს.

პროექტი ნაწილობრივ დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ „საქართველოს გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, ხოლო სრულად დაპროექტდა და განხორციელდა სსე-ს თანამშრომლების მიერ”, - აცხადებენ უწყებაში.