"უფასო ფაკულტეტები არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მისადგომი გახდა"

სამწუხაროდ, უფასო ფაკულტეტები ზოგჯერ, არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მისადგომი გახდა , - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების - ე.წ. უფასო ფაკულტეტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის განმარტებით, ე.წ. უფასო ფაკულტეტების წლევანდელი სია, პრაქტიკულად, უცვლელია და ჩამონათვალს ერთი დაემატა, რომელიც უახლოეს დღეებში, გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

”უკვე დავამტკიცე სია და ამ დღეებში გამოქვეყნდება. შარშანდელთან შედარებით, პრაქტიკულად, ცვლილებები არ არის. მე მინდა მეტი უფასო ფაკულტეტი იყოს, ოღონდ შესასვლელი ბარიერი უფრო მაღალი იყოს, რადგან, სამწუხაროდ, უფასო ფაკულტეტები ზოგჯერ გახდა მისადგომი, არც ისე კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების. ჩვენ გვინდა, უფასო სწავლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა კარგი მოსწავლისთვის. მომავალ წელს, იმედი მაქვს, უფასო ფაკულტეტების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა შესასვლელი მოთხოვნა, ქულები რომლებიც დასჭირდებათ, ფასიან ფაკულტეტებზე უფრო მაღალი იქნება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ჟურნალისტებთან ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობაც შეაფასა.

”ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი კარგად მიდის, გეგმურად. რა თქმა უნდა, არიან დაგვიანებულებიც, ვინც ვერ მოხვდა გამოცდაზე, სტრესის გამო და სიცხის გამო, ტექნიკური ხარვეზებიც არის, თუმცა, ჩვეულებრივი ვითარებაა, როგორც მიმდინარეობს ხოლმე. შარშან პირველად შემოვიდა საკითხები კომპიუტერებზე და ძალიან დიდი სიახლე იყო ეს, უკმაყოფილებაც მოჰყვა. წელს შედარებით ნაკლებია ამაზე საუბარი, რადგან შეეჩვია ხალხი. მომავალ წლებშიც, ვფქირობთ, ეს პროცესი თანდათან უფრო დაიხვეწება”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.