ინდოელი ბიზნესმენი აკბარ ქუშერი საქართველოში კიდევ ერთხელ არ შემოუშვეს

ინდოელი ბიზნესმენი აკბარ ქუშერი საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ არ შემოუშვეს.

მას საზღვრის გადმოკვეთის უფლება ქართველმა მესაზღვრეებმა არ მისცეს. ქუშერის ადვოკატის ინფორმაციით, უცნობია, რა მიზეზით არ აძლევენ ბიზნესმენს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას. მანანა აფხაძის თქმით, ქუშერი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 17-ჯერ უპრობლემოდ შემოვიდა და საკმაოდ დიდი ინვესტიციაც განახორციელა.

"ის სრულიად უდანაშაულოა და უჩინარი, უცნობი დამაბრკოლებელი მიზეზების გამო უნდა გააბრუნონ საქართველოდან. ეს არის მსოფლიო სკანდალი. ის საუბრობს დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში მისი პირველი არშემოშვებისას. დღეს ჩვენთვის უცნობი მიზეზით ისევ არ უშვებენ მას საქართველოში. ჩვენ ეს მიზეზი არ ვიცით. ყველას მივმართეთ ამ მიზეზის გასაგებად, მაგრამ მიწელავენ დროს და არ მეუბნებიან ამ მიზეზს. თუ კრიმინალი ხდება, სათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღება ძალიან მარტივია. ლუჟკოვს თუ აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება, იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის ანექსია მოახდინა, რატომ არ აქვს ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს ამის უფლება, მით უმეტეს, როცა ის საქართველოში შემოდის ბიზნესის კეთებისთვის", - განაცხადა მანანა აფხაძემ.

ადვოკატი პოლიტიკურ ინტერესზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიღაცას სურს აკბარ ქუშერის ინვესტიციების მითვისება. "პოლიტიკური ინტერესია პიროვნების მიმართ, რომ ვიღაცას დარჩეს მის მიერ დაბანდებული ინვესტიცია. ეს ძალიან სამარცხვონო ფაქტია", - აღნიშნა ქუშერის ადვოკატმა.