სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან მომგებიანი თამაშების შესახებ ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი კონცეფციას წარადგენს

სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე მუშაობს, დღეს შემუშავებულ კონცეფციას წარადგენს.

როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი იუწყება, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი შემუშავებულ კონცეფციას სასტუმრო ”ბილტმორში” წარადგენს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, საბურთალოს N6 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი მოწვეულ არასამთავრობო ორგანაზაციებს, პარლამენტის წევრებს და სხვა მოწვეულ სტუმრებს გააცნობს ჯგუფის მიერ შემუშავებულ კონცეფციას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშებში 21 წლამდე პირთა ჩართულობის პრევენციაზე, თვითრეგულაციის მექანიზმებსა და ამ მიმართულებით არსებული სხვა გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფციაზე საკუთარ მოსაზრებებს წარადგენენ სამუშაო ჯგუფის სხვა წევრები, შემოსავლების სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოწვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები და დასვან კითხვები სამომავლო რეგულაციებთან დაკავშირებით.

შეხვედრა ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.