ონლაინ კაზინოების აკრძალვა არ არის გამოსავალი იმისთვის, რომ ამ პრობლემის სოციალური ნაწილი მოგვარდეს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ონლაინ კაზინოების აკრძალვა არ არის გამოსავალი იმისთვის, რომ ამ პრობლემის სოციალური ნაწილი მოგვარდეს.

როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პრობლემა დაკავშირებულია ასევე უცხოურ საიტებზე თამაშის შესაძლებლობასთან.

„კანონპროექტის მომზადების პროცესში არსებული ძირითადი წინადადებები ეხება იმას, რომ დადგენილი იქნას ასაკის ერთიანი ზღვარი. საუბარია, რომ ერთიანი ზღვარი იყოს 21 წელი. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა თვითაკრძლალვა. პირს და მისი ოჯახის წევრებს, ვინც არის დამოკიდებული აღნიშნულ თამაშებზე და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აყენებს ოჯახებს, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ თვითშეზღუდვა განახორციელონ, რათა აღარ იყვნენ ჩართული თამაშებში. მე ვფიქრობ, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებითად ძალიან დიდ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება აკრძალვაზე ჩვენს პოზიციას, მე ვფიქრობ, რომ აკრძალვა არ არის გამოსავალი იმისთვის, რომ პრობლემის სოციალური ნაწილი მოგვარდეს, რადგან ეს პრობლემა დაკავშირებულია უცხოურ საიტებზე თამაშის შესაძლებლობასთან და ამ შემთხვევაში ჩემი მოსაზრებაა, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება აღნიშნული აკრძალვისგან მივიღოთ, ეს არის რომ უბრალოდ ის თანხა, რისი გათამაშებაც ქვეყანაში ხდებოდა, გაედინება ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მისი თქმით, უცხოური საიტების შეზღუდვის თეორიული შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ტექნიკურად ძალიან ძვირი დაჯდება და ამავე დროს ტექნოლოგიების ეპოქაში, ადამიანებს სხვა არხებითაც ექნებათ წვდომა.

ამ წუთებში სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფციის განხილვა მიმდინარეობს.