ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ონლაინ კაზინოების სივრცე და ყველაფერი გადმოვიდეს მიწაზე, სადაც კონტროლი იქნება შესაძლებელი

თუ ონლაინ კაზინოების სივრცე არ ჩაიკეტა, არანაირ რეგულაციებს მნიშვნელობა არ აქვს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომელიც სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების კონცეფციის განხილვას ესწრება.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი, რომ საზოგადოება იყოს დაცული და ქვეყანამ თავიდან აიცილოს სოციალური კატასტროფა, არის ის, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს ონლაინ სივრცე და „ეს ყველაფერი მიმართული იყოს მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთვის კონტროლი იქნება შესაძლებელი“.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კონცეფციის შემუშავებაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობის წარმომადგენლები და დეპუტატები.

„ჩვენ გვაქვს აზარტული თამაშების მზარდი ბიზნესი. 2012 წელთან შედარებით ათჯერ არის ბრუნვა გაზრდილი. უფრო მეტია ბრუნვა, ვიდრე ეს არის მაგალითად, ენერგეტიკაში. ჩვენი ხედვა არის ის, რომ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისია, რომელიც შეისწავლის და დაგეგმავს ამ სფეროს პოლიტიკას. მეორე მიმართულებაა ონლაინ აზარტული თამაშები, რამაც უდიდესი პრობლემა შეუქმნა ოჯახებს. ამ მიმართულებით კარგი გამოსავალი არის ის, რომ თამაშები გადმოვიდეს მიწაზე და მიწაზე განხორციელდეს შეზღუდვა. ასევე უნდა გაკონტროლდეს არასრულწლოვნების ვერშეღწევა დაწესებულებებში და ასევე უნდა ვიზრუნოთ ასაკის გაზრდაზე. ამ ყველაფრით გავაკონტროლებთ ფულის შესაძლო გათეთრებას, შავი ფულის ტრიალს და ა.შ. ამ ყველაფრის ელექტრონული კონტროლი არის წარმოუდგენელი. ერთადერთი გამოსავლი რომ საზოგადოება დავიცვათ და ავიცილოთ თავიდან სოციალური კატასტროფა, არის ის, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს ონლაინ სივრცე და ეს ყველაფერი მიმართული იყოს მიწაზე, სადაც სახელმწიფოსთვის კონტროლი იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მტკიცებით, საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი მომხრეა, რომ ონლაინ სერვისები შეიზღუდოს.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი განსახილველი მოსაზრებაა, ასევე, საერთაშორისო სერვერებზე წვდომის შეზღუდვა.

რაც შეეხება ბიზნესს, დეპუტატის თქმით, 500 მილიონი დოლარის დაკარგვა არავის უნდა, მაგრამ „ორი კაცი შოულობს 500 მილიონს და დანარჩენი მოსახლეობა იღუპება. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნისთის უკეთესია“.