გასული წლის 17 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კობა გვენეტაძის შემოსავალმა 119 047,62 ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 31 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გვენეტაძე ფლობს 70,02 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას, რომელიც 2016 წელს 62 000 ლარად შეიძინა; 67,26 კვ. მეტრის ბინას დიღომში; 28,00 კვ. მეტრი ფართობის ბინას, 190,54 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 763,01 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს აშშ-ში, რომლის მხოლოდ 50%-იანი წილის მფლობელია.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკუთვნის ავტომობილი Lexus GX და 10 000 ლარად შეძენილი ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო. გარდა ამისა, კობა გვენეტაძე ფლობს ფინანსთა სამინისტროს ოც 10-წლიან ფასიან ქაღალდს (სახაზინო ობლიგაცია), რომელიც მიმდინარე წელს 19 350,60 ლარად შეიძინა; ასევე 2017 წელს 988,33 ლარად შეიძინა ფინანსთა სამინისტროს 1 - 5 წლიანი სახელმწიფო ქაღალდი (საზახინო ობლიგაცია).
დეკლარაციის შევსების მომენტში კობა გვენეტაძეს "თიბისი“ ბანკის ანაბარზე - 61 960 ლარი და 4564,54 დოლარი ჰქონდა; „პროკრედიტ ბანკის“ ანაბარზე - 11 000 ლარი, ვადიან ანაბარზე კი - 2 141.39 დოლარი; „საქართველოს ბანკის“ ვადიან ანაბარზე - 148 ათასი დოლარი; შეგროვებად ანაბარზე - 48 908,52 დოლარი; ვადიან ანაბარზე - 10 000 ლარი; „ლიბერთი ბანკის“ სადეპოზიტო სერტიფიკატზე - 15078,13 ლარი; საკრედიტო კავშირის (სსფ/მბ) დეპოზიტზე - 386,707.13 დოლარი; საკრედიტო ბარათზე - 23 472,60 დოლარი; ხოლო დეპოზიტზე (Share certificate) 100 357,28 დოლარი; „საქართველოს ბანკის“ სახელფასოზე (უნივერსალური) 2 719,30 ლარი ჰქონდა.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში CITI საკრედიტოზე - 24 446,19 დოლარი; საკრედიტო კავშირის (სსფ/მბ) მიმდინარეზე - 3 771,76 დოლარი; "საქართველოს ბანკის" ანაბარზე - 21 715,68 დოლარი და 25 ათასი ლარი; "ბაზის ბანკის" ანაბარზე - 14 400 ლარი; "ვითიბი“ ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატზე - 15 100 ლარი; „ტერა ბანკის“ სადეპოზიტო სერტიფიკატზე - 12 000 ლარი; "თიბისი“ ბანკის მიმდინარე ანგარიშზე - 435,52 ლარი; „ტერა ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე კი - 16 680,46 ლარი ჰქონდა.
ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში გვენეტაძეს ნაღდი ფულადი თანხის სახით, 660 ევრო და 3 600 დოლარი ჰქონდა.
გარდა სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მიღებული შემოსავლისა, წინა წლის 1 იანვრიდან 29 თებერვლის ჩათვლით პერიოდში „საქართველოს ბანკის“ მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე გვენეტაძემ შემოსავლის სახით 41 666 ლარი მიიღო; ხოლო 2 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე - 65 ათასი ლარი.
დეკლარაციის თანახმად, მანვე გასულ წელს საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO GROUP PLC) 64 533 ლარის ღირებულების 992 აქცია გააჩუქა. მამას აჩუქა 12 500 დოლარის ღირებულების ავტომობილი; ამასთან ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში უპროცენტოდ ჰქონდა გასესხებული 20 000 დოლარი.
კობა გვენეტაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. დეკლარაციის თანახმად, გვენეტაძის მეუღლე ფლობს 70 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში, 29 კვ. მეტრის აგარაკს კუმისში და იმავე მისამართზე მდებარე 600 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს; ამასთან ამერიკაში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 50%-იანი წილიც მის საკუთრებაშია. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota Rav.
მისმა შემოსავალმა გასულ წელს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში საოპერაციო ოფიცერის პოსტზე 151 145 ლარი შეადგინა. დეკლარაციის თანახმად, კობა გვენეტაძის მეუღლემ გასულ წელს სს „თელიანი ველის“ 50 აქცია გააჩუქა.