რატომ შემცირდა ტურისტების რაოდენობა შავიზღვისპირეთში?

საქართველოს საზღვაო კურორტებზე ზაფხულისთვის საგანგებოდ ემზადებიან, რადგან საკურორტო სეზონი იქ მცხოვრები ოჯახებისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

საოჯახო სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ გრილ და წვიმიან ივნისს არანაკლებ წვიმიანი ივლისი მოჰყვა, რამაც ტურისტების ჩამოსვლა საგრძნობლად შეაფერხა. რა მდგომარეობაა ამჟამად შავიზღვისპირეთში? - ამის გასარკვევად რამდენიმე საოჯახო სასტუმროს დავუკავშირდით. ქობულეთში მდებარე სასტუმრო „დათას“ მეპატრონე - ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში არიან.

“ჩემი დაკვირვებით ქობულეთში ასეთი სიტუაციაა: ვიდრე აღმაშენებლის ქუჩა არ შეივსება, სხვა ქუჩებს ტურისტები ნაკლებად ჰყავს. აღმაშენებლის ქუჩაზე ბევრი კაფე-ბარი და რესტორანია, სულ ხალხმრავლობაა და ახალგაზრდობაც ამ ქუჩას ეტანება. უცხოელები კი, უფრო მყუდრო გარემოს ეძებენ. ჩვენი სასტუმრო მყუდრო ადგილას მდებარეობს და ეს ძალიან გვშველის: დამსვენებელს შეუძლია 3-4 წუთში მოხვდეს აღმაშენებლის ქუჩაზე, გაერთოს და უკან დაბრუნებულმა მშვიდად დაისვენოს”, - აღნიშნავს ქეთევან ბერიძე.

reclamaსასტუმროს მფლობელის თქმით, წვიმიანი ზაფხული ძალიან აშინებს, რადგან ეს სეზონის ჩავარდნას ნიშნავს.

„წვიმიანი ზაფხული ჩვენთან არავის უხარია, რადგან ეს ტურისტების რაოდენობაზე ცუდად აისახება. როდესაც ტემპერატურა მაღალია, დამსვენებლების რიცხვი მატულობს, წვიმიან დღეებში კი - იკლებს“, - აცხადებს ქეთევან ბერიძე.

საოჯახო სასტუმრო „ფიჭვნარის“ მფლობელი თამაზ გოგიბერიძე კი ამბობს, რომ დაბალმა ტემპერატურამ კურორტზე დამსვენებლის რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

„წვიმისა და გრილი ამინდების გამო დამსვენებლები არ გვყავს თბილისიდან, ქუთაისიდან, თელავიდან, ზუგდიდიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ ქობულეთში დამსვენებლების რაოდენობა მცირეა. მხოლოდ ბავშვები არიან, რომლებიც ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობენ. ჩვენც, ფაქტობრივად ქველმოქმედებას ვეწევით - სამჯერადი კვება, ცხელი წყალი, ცივი წყალი, რასაც სხვა ხარჯები ემატება... ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვა გამოსავალი არა გვაქვს. ყველას ბანკის ვალი გვაქვს, თანაც, ყოველ სეზონზე სარემონტო სამუშაოებს ვატარებთ, რადგან აქ ნესტიანი ჰავაა და ყველაფერს აზიანებს. თამამად ვიტყვი, რომ ჩვენი მოგება სასაცილოა და თუ ბიზნესი მომგებიანი არ არის, მაშინ რაღა ბიზნესია? ჩემი სასტუმრო შარშან რუსმა და უკრაინელმა ტურისტებმა ამუშავეს, ალბათ წელსაც ასე იქნება. ისინი 10-12 დღით ჩამოდიან და იმ პირობებს ეგუებიან, რაც აქ ხვდებათ. მთავარი მათთვის კეთილგანწყობილი მასპინძელი და კარგი მომსახურებაა, თორემ გრილ ამინდს ყურადღებას არ აქცევენ“, - ამბობს თამაზ გოგიბერიძე.

მახინჯაურში მდებარე სასტუმრო „ბაგრატიონის“ მეპატრონე ლაშა ბაგრატიონი სულ სხვა მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ტურისტების რაოდენობა შავიზღვისპირეთში შემცირებულია.

„წელს ტურისტები არ გვყავს, ძალიან ცოტა ჩამოვიდა და კიდევ უფრო ცოტა ჩამოვა იმის გამო, რომ ყველაფერი გაძვირდა, პირველ რიგში კი - მგზავრობა. არა მარტო მატარებლის, არამედ თვითმფრინავის ბილეთებიც გააძვირეს. ადრე მატარებლის ბილეთი 18-20 ლარი ღირდა, ახლა კი ლამის სამმაგი ფასი დაედო. წარმოიდგინეთ, რამდენად გაუძვირდა ყველა ოჯახს დასვენება... მარტო ქართველი ტურისტები კი არ დაბრკოლდნენ, რუსეთიდან და უკრაინიდან თვითმფრინავით რომ მოდიოდნენ, ის ხალხიც ავტომანქანებით აპირებს ჩამოსვლას. თუ ასეთი ამინდები გაგრძელდება და ბილეთების ფასს არ მიხედავენ, სეზონი ჩავარდება“, - აცხადებს ლაშა ბაგრატიონი.

მისი თქმით, შარშანდელთან შედარებით დამსვენებელი ბათუმშიც ცოტაა.

reclama„საკურორტო სეზონის მოსვლისთანავე ჩვენთან ყველაფერი ძვირდება და ეს დიდი შეცდომაა. ასეთი პოლიტიკა არც ერთ ქვეყანაში არა აქვთ, სადაც ტურისტული ბიზნესი მაღალ დონეზეა. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ ხელი შეგვიწყოს, პირიქით ხდება. სეზონის პიკი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ დასაწყისისთვისაც საკმაოდ უფერული სურათი გვაქვს“, - ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

როგორ ამინდებს უნდა ველოდოთ ზაფხულის პერიოდში? - ამ შეკითხვით გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს - სვეტლანა ნიორაძეს მივმართეთ.

„ივლისი და აგვისტო საქართველოში ცხელი თვეებია, მაგრამ აგრილებაც არ უნდა გაგვიკვირდეს. ივლისის დასაწყისში ძალიან ცხელოდა, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 40 გრადუსამდეც კი ავიდა, ამ დღეებში კი, ტემპერატურამ 10-15 გრადუსით დაიწია, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. წელსაც ჩვეულებრივი ზაფხული გვექნება, არამდგრადი ამინდები 11 ივლისამდე გაგრძელდება, მერე კი, გამოიდარებს და დასვენების მსურველებს შეუძლიათ საქართველოს კურორტებს თამამად ეწვიონ. თუმცა ძალიან მაღალ ტემპერატურას ივლისშიც არ ველოდებით“, - აღნიშნავს სვეტლანა ნიორაძე.

სვეტა ნიორაძის თქმით, ანომალიურად მაღალი სიცხეები არც აგვისტოში იქნება: „ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე აიწევს და ამაში გასაკვირი არაფერია. დროგამოშვებით წვიმიანი ამინდიც იქნება, რადგან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოჭრას კვლავ ველოდებით - ეს ჩვეულებრივი მოვლენაა შავი ზღვის სანაპიროზეც და მთელ საქართველოშიც. იმედია, ამინდის ცვალებადობა დასვენების მსურველებს ხელს არ შეუშლის“ - აცხადებს სვეტა ნიორაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე