„ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის“ პირველი ეტაპი დასრულდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პროექტის „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ორჯაჭვა ე.გ.ხ-ის მშენებლობის“ პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.

როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან“ იუწყებიან, აღნიშნული პროექტი გულისხმობდა, ახალციხის 500/400/220 კვ-იანი ქვესადგურის ბათუმის 220 კვ-იან ქვესადგურთან დამაკავშირებელი ახალი 52 კმ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომლის საშუალებითაც შუახევის 178 მგვტ-იანი ჰიდროელექტროსადგური დაუკავშირდა ქვესადგურს „ბათუმი-220“. პროექტის ფარგლებში 144 ანძა დამონტაჟდა.

სსე-ს ცნობით, ამავდროულად, პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც ახალციხის ქვესადგურიდან შუახევამდე 92 კმ-იანი ე.გ.ხ-ის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, ჯამში, დაგეგმილია დაახლოებით, 144 კმ. სიგრძის ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც 398 ერთეული ანძის დადგმას გულისხმობს.

”ახალი ელექტროგადამცემი ხაზი უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას, შეამცირებს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევებს და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შეეძლება ქვეყნის შიგნით და გარეთ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება”, - აცხადებენ სსე-ში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულება 2018 წელს იგეგმება.