შატილში ჩასული ტურისტები უგზოობის გამო სოფლის დატოვებას ვერ ახერხებენ

დუშეთის რაიონის სოფელ შატილში ჩასული ტურისტები უგზოობის გამო სოფლის დატოვებას ვერ ახერხებენ, - ამის შესახებ შატილის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შატილში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან და ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები იმყოფებიან, თუმცა სოფლის დატოვებას ვერ ახერხებენ, რადგან უამინდობის შედეგად, შატილთან დამაკავშირებელ გზაზე პრობლემებია შექმნილი.

”დათვისჯვრის უღელტეხილზე ტრაქტორები მუშაობენ. სოფელ შატილის დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე, ან ზეგ გაიხსნება. ზუსტ პასუხს ამ დრომდე ვერ გვეუბნებიან. დამსვენებლებს ამოეწურათ საკვებისა და ფულის მარაგი, ადგილობრივები ვაწვდით საკვებს და თბილ ტანსაცმელს. ასევე, 12-15 ადამიანი თავისი ძალებით, ნიჩბების საშუალებით ცდილობს გაწმინდოს გზა. სოფელ გიორგიწმინდაშიც აღარ გვაქვს ხიდი, წაღებულია გზები და ვერ ვუკავშირდებით მთავარ გზას”, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მისი ინფორმაციით, მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება, ხოლო სასმელი წყალი - საერთოდ არა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და უწყება მიმართავს ყველა საჭირო ზომას იმისთვის, რომ ამ ადამიანების გამოყვანა დროულად მოხდეს.