სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი - ვითარება მძიმეა, ფოთში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს

ფოთის დამწვარ სავაჭრო ცენტრში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია მივიდა. მისი შეფასებით, ვითარება ძალიან მძიმეა.

როგორც გუბერნატორი აცხადებს, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ ადამიანების, ვიცით, რომ ბანკის სესხები აქვთ, მაგრამ ვიდრე ექსპერტიზა დასკვნას არ დადებს, ვერაფერს ვიტყვით. რომ არა სახანძარო სამაშველო ბრიგადების ასეთი ოპერატიული მუშაობა, შესაძლოა, სავაჭრო ცენტრი მთლიანად დამწვარიყო“, - განაცხადა შონიამ.

ფოთის ბაზარში სავაჭრო ცენტრს ხანძარი დღეს დილით გაუჩნდა, დამწვარია დაახლოებით 70-მდე მაღაზია. მოვაჭრეების ნაწილმა ხანძრის მთლიანად გავრცელებამდე საკუთარი პროდუქციის გატანა მოახერხა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცალკეული კერები კვლავ არსებობს.