იურიდიული კომპანია BLB ”ტერა ბანკთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იურიდიული კომპანია BLB ”ტერა ბანკთან” დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, „სამწუხაროდ, ”ტერა ბანკის” ყველა განცხადება, მათ შორის 2017 წლის 6 ივლისს გავრცელებული განცხადება, მისგან დაზარალებული მეანაბრის საქმესთან დაკავშირებით, ვერ უძლებს ვერც კეთილსინდისიერების და ვერც კვალიფიკაციის ტესტს“.

”ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად მხოლოდ რამდენიმე გარემოებას მივუთითებთ:

1. ტერაბანკის დიდუბის ფილიალის მმართველის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარი პროურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაზარალებული მ. ჯაფარიძის განცხადების საფუძველზე, რომლის შედეგადაც პასუხისგებაში მიეცა ბანკის ფილიალის მმართველი სსკ 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნატით და სსკ 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნატით, საქმის #074030616802. ბანკს ვთავაზობთ წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ჩვენი ეს განცხადება სწორი არ არის და ზემოაღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო მისი განცხადების საფუძველზე;

2. ბანკმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის პროცესის მხარე არ არის ბანკი იმის დასადასტურებლად, რომ იგი თითქოსდა პასუხს არ აგებს.

ბანკს განვუმარტავთ, რომ სისხლის სამართლის პროცესის მხარე არის ბრალდება და დაცვა. შესაბამისად, პროცესის მხარე არის ბრალდებული, ანუ ბანკის ფილიალის მმართველი, რომელსაც მსჯავრი დაედო იმაში, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა დანაშაული; ეს ნიშნავს იმას, რომ ფილიალის მმართველი მოიხდის სასჯელს, ხოლო ბანკმა უნდა დააბრუნოს ანაბარი;

3. ლეგენდა ბანკის პრესკონფერენციაზე გაჟღერებული „სქემის“ შესახებ (რომელშიც თითქოსდა მონაწილეობდა დაზარალებულიც) დაინგრა მაშინვე, როგორც კი პროკურატურამ გამოძიება დაასრულა, პასუხისგებაში მისცა ბანკის ფილიალის მმართველი და სასამართლოში წარმართა საქმე. შესაბამისად, არ გაიზიარა ბანკის ლეგენდა „სქემისა“ და „შეთქმულების“ შესახებ ბანკის წინააღმდეგ. სასამართლომ კი განაჩნით დაადგინდა, რომ ბანკის ფილიალის მმართველმა, ამჟამად მსჯავრდებულმა, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ანუ იმ პოზიციის და უფლებამოსილებების გამოყენებით, რომ იყო ბანკის ფილიალის მმართველი ჩაიდინა დანაშაული არაერთი დაზარალებულის წინააღმდეგ.

„ტერა ბანკს“ საქართველოს კანონმდებლობისა და მეანაბრეთა ინტერესების დაცვა შემდეგნაირად წარმოუდგენია:

1. ბანკს ჰგონია, რომ მის მეანაბრეს თუ დაარქმევს „ყოფილ მეანაბრეს“ და მისი ფილიალის მმართველს „ყოფილ მმართველს“ მოიხსნის მატერიალლურ პასუხისმგებლობას მეანაბრის წინაშე, რომლის ანაბარი „გაქრა“ ამ ბანკში;

2. ბანკს ჰგონია, რომ ბანკი პასუხს არ აგებს თავისი თანამშრომლების მოქმედებებზე, რომლებიც უკავშირდება მათ მიერ განხორციელებულ საბანკო საქმიანობას და მათ შორის დანაშაულის ჩადენას საბანკო ოპერაციების განხორციელების გზით;

3. ბანკს ჰგონია, რომ მისი თანამშრომლები ეწევიან პირად საქმიან ურთიერთობებს ბანკის კლიენტებთან და თვლის, რომ ეს ნორმალური საბანკო დაწესებულების სტანდარტია;

4. ბანკს მიაჩნია, რომ ამ ბანკში ანაბრის შეტანა ნიშნავს ანაბრის მიბარებას ბანკის კონკრეტული მოხელისადმი, მით უფრო, თუ თქვენ იცნობთ ამ მოხელეს;

5. ბანკს მიაჩნია, რომ მის დაწესებულებებში შესაძლოა მოიძებნოს ბანკის კლიენტების არაერთი ყალბი ხელმოწერა, მაგრამ ამას საერთო არა აქვს ამ ბანკის საქმიანობასთან და ეს ნორმალური საბანკო დაწესებულების სტანდარტია;

6. ბანკს მიაჩნია, რომ მეანაბრის ანგარიშიდან ამ ბანკში შესაძლოა გაქრეს 760 000 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარება უცხო ადამიანების საბანკო კრედიტები და ეს ნორმალური საბანკო დაწესებულების სტანდარტია;

7. ბანკს მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში შესაძლებელია არსებობდნენ მეანაბრეები, რომლებიც გამოხატავენ ნამდვილ ნებას და თავისი დეპოზიტით დაფარავენ უცნობი ადამიანების კრედიტებს;

8. ბანკს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ მისმა ფილიალის მმართველმა უკანონოდ, მოტყუებით განკარგა დაზარალებული მეანაბრის ანაბარი ბანკის სასარგებლოდ, მან ეს თანხა არ უნდა დაუბრუნოს მეანაბრეს;

9. ბანკს ჰგონია, რომ „ყოფილი მეანაბრე“ აზიანებს მის რეპუტაციას, როდესაც ითხოვს მისთვის მიბარებული ანაბრის უკან დაბრუნებას;

ამიტომ, ჩვენი პროფესიული ვალია ვურჩიოთ ტერა ბანკის მეანაბრეებს და პოტენციურ მეანაბრეებს:

1. პერიოდულად გადაამოწმეთ თქვენი ანაბრები ამ ბანკში;

2. მოითხოვეთ ამ ბანკში შენახული ყველა დოკუმენტი, რომელზეც არის თქვენი ხელმოწერა და ეჭვის შემთხვევაში დანიშნეთ ექსპერტიზა;

3. კარგად დაათვალიერეთ/წაიკითხეთ ყველა ფურცელი, რაზეც ხელს აწერთ ამ ბანკში;

4. დარწმუნდით, რომ ამ ბანკში არ ინახება თავდებობის და/ან გირავნობის ხელშეკრულებები თქვენი ყალბი ხელმოწერებით;

5. განსაკუთრებით სიფრთხილე გმოიჩინეთ იმ მეანაბრეებმა, ვისაც გაკავშირებთ რაიმე პირადი ურთიერთობები ამ ბანკის მოხელეებთან, ვინაიდნ მათ შესაძლოა ისარგებლონ ამ ურთიერთობით და თქვენი ანაბრით დაფარონ საკუთარი ოჯახის წევრების სესხები; ვინაიდან თუ ასე მოხდა ბანკი განაცხადებს, რომ თქვენ გქონდათ პირადი ურთიერთობები ამ ბანკის მოხელესთან და ამიტომ ბანკი პასუხს არ აგებს;

6. თუ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მაინც აღმოჩნდით ჩვენი კლიენტის მდგომარეობაში და ერთ დღეს აღმოაჩინეთ, რომ მთელი თქვენი ოჯახის ანაბარი ბანკში გაქრა და ბანკი გამოგიცხადებთ, რომ თურმე თქვენ დაგიფარიათ ბანკის მოვალეების სესხები, მოემზადეთ ამ ბანკთან ხარნგრძლივი და უსამათლო დავისათვის,” - ნათქვამია განცხადებაში.