ფასი ასლი: უცხოელთათვის მიწის მიყიდვის აკრძალვა ქართველების ჯიბეზე მოახდენს გავლენას – შემოსავლებს შეამცირებს

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე აკრძალვის შემოღებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ განაცხადა:

„თუკი უცხოელებისთვის მიწის გაყიდვის აკრძალვის კანონს მიიღებენ, ეს გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფასების შემცირებას. ეს გავლენას მოახდენს ქართველების ჯიბეზე, ეს შეზღუდავს ბანკის შესაძლებლობას გასცეს სესხები ფერმერებზე, ვინაიდან ბანკების უმეტესობას უცხოელები ფლობენ, უცხოური კაპიტალით. შესაბამისად, ისინი ვერ გამოიყენებენ მიწას როგორც სესხის დაბრუნების უზრუნველყოფას. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ვერ შეძლებენ სოფლის მეურნეობის სექტორის დაფინანსებას. ამიტომაც, ამ კანონის შემოღებას თავისი ფასი აქვს და მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, მოხარულნი არიან თუ არა ისინი ეს ფასი გადაიხადონ“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის კონსტიტუციის დონეზე დაფიქსირებას საქართველოს ხელისუფლება აქტიურად განიხილავს. ამ ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებით გათვალისწინებული შეზღუდვის კონკრეტული ასპექტები უცნობია, თუმცა, საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება შეაჩერა. აღნიშნული ქვეპუნქტი აკანონებს უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის ან უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში ფლობას. მისი შეჩერებით კი, ფაქტობრივად თავიდან დაწესდა 2013 წლის 28 ივნისს ერთხელ უკვე ამოქმედებული და შემდგომ არაკონსტიტუციურად ცნობილი შეზღუდვა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები წარმოადგენს ბუნებრივად შეზღუდული ოდენობით არსებულ ეკონომიკურ სიკეთეს. მასზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა აქტივზე, ფასის ცვლილებას მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო ძალების მოქმედება განაპირობებს. უცხოელებისთვის შესყიდვაზე აკრძალვის დაწესებით, ბუნებრივია, იკლებს პოტენციურ მყიდველთა ოდენობა და მცირდება მოთხოვნა, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, მიწის საბაზრო ფასს ამცირებს.

რაც შეეხება შეზღუდვის დაწესებამდე და დაწესების შემდგომ პერიოდში ფასების ცვლილების ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებს, ამ კუთხით სრულყოფილად ინფორმაციას არცერთი სახელმწიფო უწყება ან ავტორიტეტული ორგანიზაცია არ ამუშავებს. ერთადერთ ალტერნატივას საჯარო რეესტრის უძრავი ქონების რეგისტრაციის ბაზები წარმოადგენს, თუმცა მოცემულ წყაროში მონაცემთა ასახვის თავისებურებებისა (ურთიერთდაკავშირებულ კონტრაგენტთა იდენტიფიცირების სირთულე, ცალკეულ გარიგებებზე გარიგების ვალუტისა და ფართობის ერთეულის მიუთითებლობა და სხვა) და სიმბოლურ ფასად შემდგარი გარიგებების სიმრავლიდან გამომდინარე, მასში მოცემული ინფორმაცია ცვლილების შედეგების რეალური სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა.

აკრძალვის ხასიათიდან გამომდინარე მოცემულ შეზღუდვას შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს არა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის, არამედ სხვა სახის ეკონომიკურ ურთიერთობებზე. კერძოდ, თუ მიწის საკუთრებაზე შეზღუდვა შეეხებათ ფინანსურ ინსტიტუტებსაც, რომელთა წილს ფლობს უცხოელი, აღნიშნული ორგანიზაციები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაისაკუთრონ ვალდებულებით დატვირთული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, მიწის მესაკუთრეებს შეეზღუდებათ საკრედიტო რესურსზე წვდომა, ვინაიდან ფინანსური ინსტიტუტი ლოგიკურად არ გასცემს სესხს იმ აქტივის უზრუნველყოფით, რომლის დასაკუთრებასაც ვერ შეძლებს კონტრაგენტის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში. კრედიტუნარიანობის შემცირება თავის მხრივ უარყოფითად აისახება ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაზე, სახსრების მოზიდვის გართულების შედეგად. აკრძალვის დაწესება შეაფერხებს აგრარულ სექტორში მოქმედი სუბიექტების განვითარებას ინვესტორის/პარტნიორის მოძიების გართულების თვალსაზრისითაც, ხოლო უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მოცემულ სექტორში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.

გარფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (პუი) სოფლის მეურნეობაშიbpn

გრაფიკი 1 ასახავს სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და მთლიან პუი-ში მისი წილის ცვლილების ტენდენციას. მთლიანი ცვლილების მხოლოდ საკუთრების უფლების შეზღუდვით ახსნა მიზანშეუწონელია, თუმცა, როგორც გრაფიკიდან ჩანს, გასულ პერიოდთან შედარებით, როგორც აბსოლუტური, ისე ფარდობითი მაჩვენებლები სწორედ შეზღუდვების მოქმედების პერიოდში მცირდება.

დასკვნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ მიერ საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირების და უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების შეზღუდვა ცალსახად ამცირებს მოთხოვნას მოცემულ რესურსზე, რაც საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა თანაბარ პირობებში, მისი ფასის შემცირებას იწვევს. პრაქტიკულ ცვლილებებზე დაკვირვებას კი შესაბამის მონაცემთა შეკრების, რეგისტრაციისა და დამუშავების პროცესის არასრულყოფილება შეუძლებელს ხდის.

თუ აღნიშნული შეზღუდვა ფინანსურ ინსტიტუტებზეც გავრცელდება, გარდა საბაზრო ფასის მოსალოდნელი შემცირებისა, მიწის ფლობის რისკიც გაიზრდება და აგრარული სექტორის სუბიექტთა კრედიტუნარიანობა შემცირდება. საკრედიტო ორგანიზაციები, რომელთა წილს უცხოელები ფლობენ, ვერ შეძლებენ გასცენ სესხი სასოფლო-სამეურნეო მიწების უზრუნველყოფით. აგრარულ სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კი პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება. ამდენად, ცალსახად სამართლიანია მტკიცება, რომ დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებას აქვს თავისი ფასი.

წყარო: factcheck.ge