„რეზონანსი" - ფინანსურმა კომპანიებმა ხალხი 100 მლნ დოლარში "გადააგდო"

პირამიდულმა საფინანსო კომპანიებმა მოსახლეობას ბოლო წლებში წელიწადში 100 მლნ დოლარზე მეტი გამოსძალეს.

ეს მონაცემი სხვადასხვა დროს მეანაბრეებისთვის მიყენებული ზარალის ამსახველ ციფრებს ეყრდნობა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მარტო საფინანსო კომპანია "საქართველოს" შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70 მლნ დოლარს შეადგენს. "ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას" მეანაბრეებისგან 20 მლნ დოლარზე მეტი თანხა აქვს მითვისებული, ხოლო უფრო ადრე "ოქროს ირემმა" კლიენტების 10 მლნ დოლარი მიითვისა. მიუხედავად ამისა, მომხმარებლების უფლებების დაცვაზე საქართველოში არავინ ზრუნავს.

არც მთავრობა და არც ეროვნული ბანკი საკუთარი მოსახლეობის დასაცავად არაფერს აკეთებს, თუ არ ჩავთვლით საინფორმაციო განცხადებებს, რითაც სებ-ი მოსახლეობის შესაძლო ფინანსური მაქინაციების შესახებ ინფორმირებას ცდილობს. კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი საფინანსო კომპანიების საქმიანობის პრევენცია შეუძლებელია, რადგან სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში იწყება.

ფინანსური პირამიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი საეჭვოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთია. როდესაც კომპანია წინასწარ გეგმავს მომხმარებლების თანხის მითვისებას, ის კლიენტებს საბაზროზე რამდენჯერმე მეტ სარგებელს ჰპირდება.

სპეციალისტების განმარტებით, პირამიდის ჩამოშლა ნიშნავს, რომ მომხმარებელი, რომელიც იმ დღის მდგომარეობით სარგებლობს კომპანიის მომსახურებით, არაფრის გარეშე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ასეთი მაგალითი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მრავლად ახსოვს, რისკზე მაინც მიდის.

ამასობაში კი საეჭვო რეპუტაციის ფინანსური ორგანიზაციები ისევ არხეინად აგრძელებენ საქმიანობას და მოსახლეობისგან თანხის მითვისებას. ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიები ქართულ ბაზარს ისე მოედვნენ, რომ მათი მხილება და საზოგადოების გაფრთხილება, არ გახდნენ თაღლითობის მსხვერპლი, შესაძლოა, დაგვიანებულიცაა.

ამის მაგალითი სულ ახლახან ვნახეთ საფინანსო ორგანიზაცია "საქართველოსა" და "ემიფექს ბროკერ ჯორჯიას" გაკოტრებით, რომელთა ფინანსურ მაქინაციებში ათასობით მოქალაქე გაება. 2012 წელს მოსახლეობის პროტესტისა და აქციების შემდეგ მოქმედება შეწყვიტა ოგანიზაცია "ოქროს ირემმა", სადაც გაწევრიანებულ ადამიანებს 200 პროცენტიან მოგებას ჰპირდებოდნენ, საბოლოო ჯამში კი, ვერაფერი მიიღეს, დაზარალებულია ათასობით ადამიანი.

რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, მსგავსი ორგანიზაციები შარშან უფრო გააქტიურდნენ. საქართველოს ბაზარზე ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქსელური მარკეტინგის ორგანიზაცია "ქიუნეტია".

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეანაბრეების ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ, რეალურად, ეს მაჩვენებელი 100 მლნ დოლარს აჭარბებს კიდეც. საეჭვო რეპუტაციის კომპანიების გააქტიურებას ახალგაზრდა ფინანსტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი მოსახლეობის ფინანსური განათლების დაბალ დონეს უკავშირებს.

"იოლი ფულის საცდური ყველა ქვეყანაშია, მით უმეტეს, საქართველოში, რომელიც ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანაა და მოსახლეობის ფინანსური განათლების დონეც დაბალია. ჩვენ უკვე გვაქვს ცუდი გამოცდილება, მაგრამ ადამიანები მაინც ვერ ამბობენ ცდუნებაზე უარს. ზარალი კი საკმაოდ დიდი ოდენობისაა. ზუსტი სტატისტიკისათვის ერთადერთი წყაროა უშუალოდ ის ანაბრები, რაც კომპანიების ხელთ იყო, მაგრამ სპეციალისტებისთვის ეს ინფორმაცია არ არის მისაწვდომი ჩამოშლილი კომპანიების საქმეებს იძიებენ და ამიტომ ინფორმაცია ზარალთან დაკავშირებით დახურულია. არ გამოვრიცხავ, დანაკარგი ბოლო 3-4 წელიწადში 100 მლნ დოლარის ფარგლებში ან ცოტა მეტიც იყოს. ზუსტი რიცხვი დროთა განმავლობაში გვეცოდინება, თუმცა 100 მლნ დოლარი დანაკარგის სავარაუდო მაჩვენებელია. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა შენატანი ოჯახის რამდენიმე წევრს ჰქონდა.

ფინანსური განათლების დონე ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან დაბალი. ფაქტის გამოვლენამდე კონკრეტულ ორგანიზაციებს, იქნება ის ფინანსური პოლიცია თუ ეროვნული ბანკი, სანქციების დაწესება არ შეუძლიათ. მარტივად რომ ვთქვათ, სანამ არ გვეყოლება პირველი დაზარალებული, ეს სქემა ფინანსურ პირამიდად არ მიიჩნევა. ამიტომ ორგანიზაციის რღვევის დაწყებამდე კონკრეტული კომპანიის საქმიანობაში ჩარევა არ ხდება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" პაატა ბაირახტარმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანაში ფინანსური პირამიდის სქემით საქმიანობა კრიმინალიზებულია და დასჯადი, მაგრამ კომპანიის მხილება არის რთული, სანამ კონკრეტული ფაქტი არ გამოაშკარავდება.

"ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ რაც უფრო მაღალ სარგებელს სთავაზობს კომპანია, მეტი რისკია, მით უმეტეს, როცა საუბარია არალოგიკურ სარგებელზე წლიური 35%-ის ფარგლებში. ეს არის წარმოუდგენელი. ამგვარი სარგებლის გაცემა უკვე ბადებს ეჭვს, რომ კომპანია არაკეთილსინდისიერ საქმიანობას ეწევა", - დასძინა ბაირახტარმა.

როგორც წესი, ფინანსური პირამიდით დაკავებული კომპანიების აღმოჩენა რთულია. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ არის დარეგისტრირებული. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა კი სისხლის სამართლის დანაშაულია.

"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელ გიორგი კეპულაძის შეფასებით, საქართველოს ბაზარი ფინანსური პირამიდის მსგავსად მომუშავე ორგანიზაციებისთვის პატარაა და უპერსპექტივო. მაღალი საპროცენტო სარგებელი, რომელსაც მსგავსი ორგანიზაციები მომხმარებელს სთავაზობენ, არ ნიშნავს გამართულ მენეჯმენტს, ეს ყველაფერი არის რისკის შემცველი.

"ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი არ ნიშნავს გამართულ ბიზნესს. როდესაც საფინანსო კომპანია "საქართველოს" შეექმნა პრობლემა, დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეროვნულმა ბანკმა წინა წლის გაზაფხულზე და იქამდე 2013 წელსაც გააფრთხილა მომხმარებლები, რომ არსებობდა რისკი ამ თანხების დაკარგვისა, რასაც მსგავს ორგანიზაციებში ჩადებდნენ. ცხადია, მოსახლეობის ინფორმირების კამპანია ამ ეტაპზეც გრძელდება, მაგრამ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო.

როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მედიასაშუალებებიც ხშირად საუბრობენ სახიფათო ბიზნესის თაობაზე. ეს თავისთავად გაფრთხილებაა ახალი მომხმარებლების, რომ არ შეიტანონ მსგავს კომპანიებში დანაზოგი. საერთოდ, რაც უფრო სწრაფად ჩამოიშლება მსგავსი ტიპის ორგანიზაციები, ხალხი უფრო დაცული იქნება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი კეპულაძემ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"