მაისში 19.1 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი გაიცა

მიმდინარე წლის მაისში 19.1 მილიარდი ლარის სესხი გაიცა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სექტორის მიმოხილვაშია ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, 2017 წლის მაისში 3.7 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხი გაიცა, 2016 წლის ამავე პერიოდში კი 3.8 მილიარდი.

ამასთან, 2.2 მილიარდი ლარით გაიზარდა იპოთეკური სესხები. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში 4.4 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხი გაიცა, მაშინ, როცა 2016 წლის მაისში ეს მონაცემი 2.2 მილიარდი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, მაისში ბიზნესზე გაცემულმა სესხებმა 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2016 წლის მაისში - 2.0 მილიარდი ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამშენებლო სექტორზე გაცემული სესხები არ შეცვლილა და 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა.