"კალორიული და არაჯანსაღი სურსათის მარკეტინგი ბავშებში საქართველოში პრობლემას წარმოადგენს"

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ კომპანია სადიას მარკეტინგული აქცია, რომელიც ბავშვებისადმი იყო მიმართული, დანაშაულად ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

აქციის ფარგლებში გაყიდულ სადიას პროდუქციას თან ახლდა მარკები, რომელის მეშვეობითაც სათამაშოების შეძენა იყო შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას, რომელსაც მომხმარებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია Consumers International ისტორიულს უწოდებს, წინ უძღოდა ჯერ კიდევ 2009 წელს ერთ-ერთი ბრაზილიური არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელი, რომელმაც ყველა სასამართლო ინსტანცია გაიარა, სანამ 2017 წლის უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაგვირგვინდებოდა. სადიას აქცია დაუშვებლად იქნა მიჩნეული იმის გამო, რომ იგი ხელს უწყობდა ბავშვების მიერ კალორიული და არაჯანსაღი პროდუქტის მოხმარებას. კომპანიას 305 000 ბრაზილიური რეალის (დაახლოებით 220 000 ლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კალორიული და არაჯანსაღი სურსათის მარკეტინგი ბავშებში საქართველოშიც პრობლემას წარმოადგენს. საჭიროა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს.