აუდიტის სამსახური გამგეობების ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის მიერ გადაცემულ ინფორმაციას შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის მიერ გადაცემული მასალების შესწავლას იწყებს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტში შემავალი გამგეობების ფინანსურ საქმიანობას შეეხება. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პოლიტიკური პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი იმყოფებოდა, რომელმაც სამსახურს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამგეობები სოციალურად დაუცველ პირთა დახმარებისთვის განკუთვნილ თანხებს მმართველი პარტიის პარტიული აქტივის მობილიზებისთვის იყენებენ, რის გამოც დედაქალაქის ბიუჯეტში არსებული 2 მილიონი ლარი გაფლანგულია.

“პარტიამ წარადგინა დეტალური ინფორმაცია გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუცილებლად შეისწავლის აღნიშნულ ინფორმაციას, მოიძიებს დამატებით ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გვექნება შესაძლებლობა, გავაკეთოთ შეფასება და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ შევისწავლით, არის ეს პარტიასთან დაკავშირებული ხარჯები, საქმე გვაქვს პარტიის შემოწირულობასთან თუ საქმე გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.