თბილისში კიდევ ერთი ქუჩა საფეხმავლო გახდა

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა. როგორც დედაქალაქის მერიიდან იუწყებიან, მერიამ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულების გათვალისწინებით აკრძალა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ქუჩაზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება დაევალა, ხოლო კრწანისის რაიონის გამგეობას - ბოლარდების დამონტაჟება. ცინცაძის ქუჩაზე საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სპეციალური დანიშნულების მანქანების მოძრაობა იქნება დასაშვები.

მერიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ შარშან სექტემბერში საფეხმავლოს სტატუსი თბილისის 8 ქუჩას მიენიჭა, რომელთაგანაც ერთ-ერთი - ალექსანდრე დიუმას ქუჩა უშუალოდ კალისტრატე ცინცაძის ქუჩას უკავშირდება.