საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40.07 პროცენტითაა გაზრდილი

2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40.07%-ითაა გაზრდილი , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან იუწყებიან.

მათივე მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილია 1 609 183 მგზავრი, რაც 48.61%-ით (526 355 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1082 828 მგზავრი).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 6 თვის განმავლობაში 1 287 228 მგზავრს მოემსახურა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 893 222 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 44.11% შეადგინა;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 93.69%-ითაა გაზრდილი. თუ წინა წლის 6 თვეში აეროპორტი მოემსახურა 95 430 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 184 840 მგზავრი შეადგინა;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 133 418 მგზავრს, რაც 43.95%-ით (40 736 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 240 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 746 მგზავრით, შესაბამისად 116.87%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის პირველ 6 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 8 768 სამგზავრო და სატვირთო რეისი (7 016 რეგულარული და 1 752 ჩარტერული), რაც 39,48%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (6 286 რეისი). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.15%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 57 811 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 65 992 ერთეული გადაფრენა).

„მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 16 941.729 ტონა შეადგინა, რაც 4 846.43 ტონით, შესაბამისად, 40.07%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.