საქართველოში არსებული 137 ავტოსადგურიდან 96 მე-3 კლასისაა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

საქართველოში დეკლარირებული 137 სამგზავრო ავტოსადგურიდან 96 მე-3 კლასისაა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში მოქმედ ავტოსადგურებზე ზედამხედველობას ახორციელებს.

როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 137 დეკლარირებული სამგზავრო ავტოსადგური, აქედან 10 მათგანი განეკუთვნება 1 -ელ კლასს, 31 სადგური - მე-2 კლასს და 96 სადგური - მე - 3 კლასს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, 2005-2007 წლებში დარგში მიღებული ლიბერალური საკანონმდებლო აქტების (კანონების) მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქვეყანაში დეკლარირებული სამგზავრო ავტოსადგურების 70% არის მე-3 კლასის ავტოსადგური, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

მათივე განცხადებით, მოსაწესრიგებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე შესაბამისობაშია მოსაყვანი მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები.

როგორც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ავტოსადგურის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის # 442 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ მოთხოვნების შესაბამისად.

„ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს მეტად მოუქნელი ზედამხედველობის მექანიზმი („სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად - „მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გააკონტროლოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის, შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული ნაწარმის ხარისხი) მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. ამავე კანონის მიხედვით, - „მოსამართლე ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ“. პრაქტიკულად, შეუძლებელია დამრღვევ სამგზავო ავტოსადგურების საქმიანობაზე ეფექტური რეაგირების განხორციელება და დადგენილი მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა, ვინაიდან მეწარმის შემოწმების გარეშე ხომ წრმოუდგენელია დამოუკიდებლად მოიპოვო და მოსამართლეს წარუდგინო დასაბუთებული და საფუძვლიანი ინფორმაცია მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ“, - განაცხადეს სააგენტოში.

მათივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილების პირობებში, სააგენტოში შემოსული საჩივრებისა და სასამართლოს დადგენილების საფუძველზე ახორციელებს ავტოსადგურების მონიტორინგს და მათ დაჯარიმებას საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 1393 მუხლის შესაბამისად. 2016 - 2017 წლებში შემოწმებულია სულ 6 ავტოსადგური.

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც საქართველოში არსებული ავტოსადგურების მოწესრიგებას ითვალისწინებს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ კანონპროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით შიდა განხილვების პროცესში ვართ, ამიტომ მცდარი აჟიოტაჟი რომ არ შეიქმნას, კონკრეტული პასუხისგან თავს შევიკავებთ. როცა დასრულდება პროცესი, აუცილებლად გავაკეთებთ კომენტარს. ცვლილებებს რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტი ექნება“, - განაცხადეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.